ანა დოლიძე - ამ უნიათო ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა „ნინიას ბაღად“ გადააქცია - სააკაშვილის და ივანიშვილის ჩრდილმა არ უნდა შეგვაშინოს

ამ ქვეყანას არ ჰყავს პატრონი. ამ უნიათო ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა „ნინიას ბაღად“ გადააქცია. სააკაშვილის და ივანიშვილის ჩრდილმა არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენ, ვისაც მოგვბეზრდა ორპოლუსიანობა, სიძულვილი და ის თამაში, რასაც დღეს ვუყურებთ, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შევცვალოთ საქართველოს მომავალი, - ამის შესახებ პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.

დოლიძის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი მისი განცხადებებით მობილიზებას ახდენს, როგორც მის მხარდამჭერების, ასევე „ქართული ოცნების“ მომხრეებისაც.

„სააკაშვილის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია მისი მხარდამჭერებისთვის, რომლებსაც აგულიანებს. ამავე დროს იგი აგულიანებს ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ იმ მხარდამჭერებს, რომლებისთვისაც სააკაშვილის დაკავება არის ნომერ პირველი თემა. სინამდვილეში იმ ხალხისთვის, ვისაც ყელში ამოუვიდა ამ ორი ძალის "დაჭერობანა" და „დამალობანა“, ეს ამბავი 2012 წელს დასრულდა. დღეს არის 2021 წელი და ხალხს სჭირდება ცვლილება. ეს ხალხი ვართ უმრავლესობაში. ყველა საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აღარ სურს ორი პოლუსი, ამიტომ უნდა გავიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ, რომ მოგვბეზრდა ერთი და იგივე წრეზე ტრიალი და გვინდა ქვეყნის წინსვლა. დღეს, საარჩევნო კამპანია უნდა იყოს თბილისის პრობლემებზე და მის გამოსწორების გზებზე, იმაზე, თუ როგორ დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები სამშობლოში, რა მოვუხერხოთ წამლების და საკვების კატასტროფულად გაზრდილ ფასებს. ამის მაგივრად, ვუსმენთ აქეთ სააკაშვილის ვიდეოებს და იქით „ქართულ ოცნებას, რომელიც არის სრული ფიასკო და ბიუჯეტის წურბელების გუნდი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ გავერთოთ ამ სანახაობით, არ მოტყუვდეთ ორპოლუსიანობის დღის წესრიგით, დავკონცენტრირდეთ ჩვენ საქმეზე, რომელიც არის ამ ქვეყნის პოლიტიკის ცვლილება, მივიდეთ არჩევნებზე და არჩევანი გავაკეთოთ მომავალზე,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა-არ ჩამოსვლის საკითხს, ანა დოლიძის თქმით, თუ სააკაშვილმა მართლაც მოახერხა საქართველოს საზღვრების გამოკვეთა, პირველი - ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ გვყავს უნიათო ხელისუფლება და მეორე - შეიძლება ეს იყოს იმის ნიშანი, რომ მას „მწვანე აუნთო“ „ქართულმა ოცნებამ“, რაც, დოლიძის შეფასებით, საბოლოოდ დაადასტურებს ორპოლუსიანობის ერთიან სქემას.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენი პარტია - "ხალხისთვის" 48 ნომრით, არის ორპოლუსიანობის და ზოგადად, ამ საკითხის გამწვავების წინააღმდეგი. თუ სააკაშვილმა მართლაც მოახერხა საქართველოს საზღვრების გამოკვეთა, პირველი - ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ჩვენ გვყავს უნიათო ხელისუფლება და მეორე - შეიძლება ეს იყოს იმის ნიშანი, რომ მას „მწვანე აუნთო“ „ქართულმა ოცნებამ“, რაც საბოლოოდ დაადასტურებს ორპოლუსიანობის ერთიან სქემას. ამ სიტუაციაში, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა მოვთხოვოთ ანგარიშვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს. საერთოდ ვინმე არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში? ფაქტია, ამ ქვეყანას არ ჰყავს პატრონი. ამ უნიათო ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა „ნინიას ბაღად“ გადააქცია. ჩვენ გვჭირდება დაცულობის შეგრძნება, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. სააკაშვილის და ივანიშვილის ჩრდილმა არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენ, ვისაც მოგვბეზრდა ორპოლუსიანობა, სიძულვილი და ის თამაში, რასაც დღეს ვუყურებთ, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ჩვენ, ყველა ერთად ვიქნებით საკმარისი იმისთვის, რომ ამ უნიათო და არაფრის მაქნისს ხელისუფლებას საბოლოოდ დავემშვიდობოთ,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა