„ქართული ოცნება“ არ არის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი და აქვს იმის თავი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხოს - რასაც ვატყობ ესეც ჩვენი, პარტია „საქართველოსთვის“ გასაკეთებელი იქნება - პირდაპირ გეტყვით, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ „ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი შეფასებით, დღეს ხელისუფლება უსუსური და შეშინებულია.
„რეალურად, რაც ახლა ხდება, შედის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ინტერესში. ერთი დღეა დარჩენილი არჩევნებამდე და ერთიც და მეორეც ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს. როგორც კი „ოცნებას“ გაუჭირდება ავტომატურად მხსნელად ევლინება „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი და ეს ვიხილეთ დღეს. ცირკია ქვეყანაში. უსუსურია რეალურად დღეს ხელისუფლება და შეშინებული. დილიდან გამოვიდნენ, რაღაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. გული მტკივა, როგორც საქართველოს მოქალაქეს, როდესაც ასეთ უსუსურ ხელისუფლებას ვუყურებ. მე მაინტერესებს, რას იტყვის ბატონი ლილუაშვილი, ახლაც გამოვა და იტყვის, რომ ეს მას არ ეხება? შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისევე, როგორც სხვა ძალოვანი უწყებები დღეს, რომ თავის ფუნქციებს არ ასრულებენ და ემსახურებიან პარტიას - ეს არის ორჯერ ორი ოთხი. გახარიას და მისი გუნდის წევრების დევნით არიან დაკავებული ძალოვანი უწყებები, პარტიის მითითებების შესაბამისად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი, ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნებაა, ხოლო „ქართული ოცნების“ მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიდრეკილია, რომ რევანშის გზით ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს. ეს არის ხალხი, რომელიც არ მოქმედებს ქვეყნის ინტერესებისთვის, ეს არის ხალხი, რომელიც მოქმედებს ვიწროპარტიული ინტერესით და ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ - ნებისმიერი გზით, რევოლუცია იქნება თუ დაპირისპირება, ხელისუფლებაში რამენაირად დაბრუნდნენ და სამწუხაროა, რომ ამისთანა ძალას აქეთა მხარეს ჰყავს ოპონენტი, რომლის მიზანია სკამზე ჩაბღაუჭება და ნებისმიერი ფორმით და მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნება.
მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, არაერთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი და არათუ დამცველი ვიქნებით, პირდაპირ გეტყვით, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ „ოცნება“ მას მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს და თუ წარადგენს, ეს არ იქნება მოჩვენებითი და შემდგომ ან არ შეიწყალებს, ან ამნისტიას არ შეახებს და ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, რომ ეს ადამიანი, რომელსაც არაერთი დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი, მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.