თინა ბოკუჩავა - დეპუტატს შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა, თუმცა პარლამენტის სპიკერი კომუნიკაციაზე არ გამოდის - სამუშაო დღემდე  სააკაშვილს არ მოუწევს ამ დაწესებულებაში ყოფნა

"ქართულმა ოცნებამ" აჩვენა რამდენად უსუსური, არაკომპეტენტური, ჩამოშლილია მათი პარტია და ქართული სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მას სურდა პირადად ჰქონოდა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან ციხეში, როგორც პარლამენტის წევრს, თუმცა, ეს არ ხერხდება, რადგან პარლამენტის სპიკერი მათთან კომუნიკაციაზე არ გამოდის.

"პარტიას აქვს ერთადერთი გეგმა და ეს არის გამარჯვება, ქვეყანას აქვს ერთადერთი გეგმა- გამარჯვება და ამ გამარჯვებაში ჩვენ ვართ დარწმუნებული. "ქართულმა ოცნებამ" აჩვენა რამდენად უსუსური, არაკომპეტენტური, ჩამოშლილი არის ქართული სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელში. მთელი დღის განმავლობაში ისინი სრულიად უსუსურად და კომიკურად ეძებდნენ სააკაშვილს სხვა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, დამტკიცდა, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა, რადგან მან შეასრულა საკუთარი სიტყვა ივანიშვილისგან - გადამგდებისგან, მატყუარასგან, აფერისტისგან და „ტრიუკაჩისგან“ განსხვავებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია სიტყვა და დაპირება, რომელსაც გავცემთ ქართველი ხალხის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ძვირფასია პრეზიდენტ სააკაშვილისთვის.

მე ველოდებოდი ლომჯარიას გამოსვლას, რომ მიმეღო მისგან ინფორმაცია პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე, დარწმუნებული ვარ, ის საჯაროდ გააკეთებს განმარტებებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ პირადადაც მქონოდა კომუნიკაციის შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, პარლამენტის წევრსაც შეუძლია ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა, თუმცა, პარლამენტის სპიკერი კომუნიკაციაზე არ გამოდის. ჩვენ გვინახავს სხვა შემთხვევები, როცა არასამუშაო საათებში მათ შორის, პარლამენტის წევრებს ჰქონდათ საშუალება შესულიყვნენ პენიტენციურ დაწესებულებებში, მაგრამ ახლა იმდენად აგონიურ მდგომარეობაში იმყოფება "ქართული ოცნება", რომ არ მიკვირს, რომ ისინი კომუნიკაციაზე არ გამოდიან. მე მგონია, რომ სამუშაო დღემდე პრეზიდენტ სააკაშვილს არც მოუწევს ამ დაწესებულებაში ყოფნა, ეს იქნება ძალიან ხანმოკლე პერიოდი. ის იქნება ძალიან მალე თავისუფალი და გათავისუფლდება ქვეყანა ივანიშვილის მარწუხებისგან, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის მიზანი. ქართველი ხალხის ნებით ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება და დამარცხდება ის ყალბი ბრალდებები, რომელსაც ივანიშვილის სასამართლოდ წოდებული „კანტორა“ კერავს სააკაშვილის წინააღმდეგ",- განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა