ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის №1 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
ჩიქოვანის განცხადებით, ხმა მისცა გუნდს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს მშვიდობიანი განვითარება შესთავაზოს სახელმწიფოს და თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიტანოს მეტი განვითარება.
„მივეცი ხმა გუნდს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მშვიდობიანი განვითარება შესთავაზოს ჩვენს სახელმწიფოს და თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიტანოს მეტი განვითარება, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გასაზრდელად, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ამას შეძლებს”, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანი ასევე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. მისი განცხადებით, გუშინდელი დღე სანუგეშოა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მსხვერპლი იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავებმა სააკაშვილის დაკავება შეძლეს და სპეცოპერაცია ჩატარდა უმაღლეს დონეზე. შესაბამისად, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს, მის გადაადგილებასთან დაკავშირებით იქნება დამატებითი კომენტარები და ამას სამართალდამცველები გასცემენ პასუხს. გუშინდელი დღე ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მსხვერპლი, ძალიან დიდი ნუგეში იყო, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია, როდესაც კანონი ზეიმობს. ფაქტი შემდგარია, სააკაშვილმა იცოდა, რომ იყო გასამართლებული სასამართლოს მიერ და მოიხდის სასჯელს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.