ნიკა მელია - ყველანი საარჩევნო უბნებზე, იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უნდა დაიწეროს  ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი

ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ვფიქრობ, რომ ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს - ყველანი საარჩევნო უბნებზე, იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უნდა დაიწეროს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ის უბანზე არ მისულა იმისთვის, რომ ვიღაც დაამარცხოს, მივიდა იმისთვის, რომ გაიმარჯვოს.

„ძალიან მარტივია თქმა, თუ რას მივეცი ხმა. მარტივია ყველასთვის ასახსნელად, თუ რას დავუჭირე მხარი. ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, არ სურს ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს, ვისაც არ სურს ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს, თითქოს, კრიმინალური ავტორიტეტები, სინამდვილეში, სუს-თან მჭიდრო დგომაში მყოფი ადამიანები, ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლებაში მთავარი დასაყრდენი და ღერძი იყოს უსამართლობა, ვფიქრობ, რომ ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს. ვისაც არ გვსურს ვიხილოთ ის სურათი, რაც გუშინ დღის განმავლობაში ვიხილეთ - არაგულწრფელი ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე ტყუილს ამბობს და არცერთი სიტყვა აღარ დაეჯერება, მათ მიმართ ნდობა მთლიანად არის დაკარგული. ქვეყანა დღეს ამ ადამიანებზე დგას, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა - სამი ადამიანი, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას რომ იცით, მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს. ვგულისხმობ გომელაურს, ლილუაშვილს, ღარიბაშვილს. ამ სამი ადამიანის და სხვების და სხვების მმართველობა ვისაც არ სურს და სურს კოალიციური მმართველობა, თუ გსურთ საქართველოში მხოლოდ ერთი ფერი, ლურჯი ფერი არ იყოს და ქვეყანაში არ არსებობდეს ერთი სოფელიც კი, რომელიც არ იქნება ოპოზიციური კოალიციური მმართველობის ქვეშ, არჩევნებზე მოდით. ვისაც სურს მხოლოდ „ოცნება“იყოს მმართველი, თუ ასეთი ადამიანი შემორჩით, გასაგებია ამ სამ ადამიანს დაუჭერთ მხარს, რომლებიც ცდილობენ შავზე თეთრი თქვან მუდამ უტიფრად, უსირცხვილოდ და თანაც ისე, თავად რომ არ სჯერათ. ამიტომ არჩევანი ადვილი იყო. ვფიქრობ, რომ ქვეყანას განვითარების ახალი მძლავრი იმპულსი სჭირდება. სჭირდება ნორმალური საინვესტიციო კლიმატი, ეს ყველაფერი შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების მიერ განხორციელდეს. მათ პირობებში რაც არ უნდა ნიჭიერები ვიყოთ, გასაქანი ადამიანს ახალგაზრდა იქნება თუ ჭარმაგი, უბრალოდ არ აქვს. ამიტომ ყველანი საარჩევნო უბნებზე, იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უნდა დაიწეროს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი, ჩვენი მეშვეობით და უნდა ჩავდოთ წილი ამ ქვეყნის განვითარებაში. ნუ ჩათვლით, რომ ამ არჩევნებში პოლიტიკოსები იმარჯვებენ და გამარჯვებულები პოლიტიკური პარტიები იქნებიან. ეს ის არჩევნებია, ის კენჭისყრაა, სადაც ყველას უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ არა მათი თანამონაწილეობა, არჩევნებში გამარჯვება იქნებოდა შეუძლებელი. აქ არ ვართ მოსული არა იმისთვის, რომ ვიღაც დავამარცხოთ, აქ ვართ იმისთვის რომ გავიმარჯვოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა