შს სამინისტრომ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ცნობით, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია 1958 წელს დაბადებული პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე სამი ინსტანციის განაჩენით დამნაშავედ ცნობილი და ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

სამართალდამცავმა უწყებებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმეს უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია. საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა, ხოლო მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იქნა ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები. აგრეთვე, გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის თანამშრომლების მიერ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია დამნაშავედ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით იგი გადაყვანილია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია