დავით ბაქრაძე - სააკაშვილის პატიმრობა გაზრდის ისედაც მწვავე პოლარიზაციას - გამოსავალია შერიგების ყოვლისმომცველი აქტის მიღება, რომლითაც წერტილი დაესმება პოლიტიკურ შურისძიებას

ციხეში მყოფი პრეზიდენტი უზარმაზარი გამოწვევაა ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოებისთვის, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მხოლოდ გაზრდის ისედაც უაღრესად მწვავე პოლარიზაციას და დაპირისპირებას,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

ის ციხეში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.

„პოლიტიკურად ბოლო წლებში ჩვენ ბევრი რამ განგვასხვავებდა და ახლაც გვასხვავებს, მაგრამ შექმნილ ვითარებაში პოლიტიკა არის მეორეხარისხოვანი. მან მიიღო გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო სამშობლოში, მათ შორის გააზრებული დაჭერის რისკის ფასად. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება უდავოდ იმსახურებს პატივისცემას. რაც შეეხება, საკითხის პოლიტიკურ მხარეს, საქართველოს ციხეში მყოფი პრეზიდენტი უზარმაზარი გამოწვევაა ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოებისთვის, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მხოლოდ გაზრდის ისედაც უაღრესად მწვავე პოლარიზაციას და დაპირისპირებას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის არის საფრთხე. ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ გააღრმავებს იმ ეჭვებს და შეშფოთებებს, რომელიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებში არსებობდა და არსებობს საქართველოს მომავალთან და ქვეყნის დემოკრატიასთან დაკავშირებით და ამ ყველაფერს ემატება სრულიად უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელმაც გუშინდელი დღე და პრეზიდენტის დაპატიმრება გამოიყენა ბიძინობის მისალოცად. ამიტომ კიდევ ერთხელ, დადასტურდა მთელი ამ პროცესის პოლიტიკური კონტექსტი“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, გამოსავალი ყოვლისმომცველი შერიგების აქტის მიღებასა და პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმაშია.

„მიმაჩნია, რომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ქართულ საზოგადოებასა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ვიმუშაოთ შერიგების ყოვლისმომცველი აქტის მისაღებად, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება ყოველი მომდევნო ხელისუფლების მხრიდან წინა ხელისუფლებაზე პოლიტიკურ შურისძიებას და პოლიტიკური პირების დაპატიმრებას. ეს არის ამ ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ საკანონმდებლო აკრძალვის დონეზე პოლიტიკურ შურისძიებაზე, ანგარიშსწორებაზე, ვინაიდან და სხვაგვარად ქვეყანა წინ ვერ წავა. ამიტომ ყოვლისმომცველი შერიგების აქტის მიღება იქნება სწორედ ნაბიჯი მიმართული იქითკენ, რომ არც წინა და არც მომდევნო ხელისუფლების წარმომადგენლებს აღარ ეშინოდეთ პოლიტიკური დევნის და ქვეყანა ვითარდებოდეს რყევების, ჯანჯღარისა და პოლარიზაციის გარეშე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა