გიორგი ვაშაძე - არ დაიზაროთ, გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე - განსაკუთრებით მინდა თბილისს ვთხოვო, რადგან თბილისში დაბალი აქტივობაა გასულ წელთან შედარებით

ადამიანები არღვევენ 100 - მეტრიან დისტანციას და ამომრჩევლის ნების კონტროლი სიებით ხდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მივა და დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, მით ნაკლები ხმის გაყალბება იქნება შესაძლებელი.

„არჩევნები მიდის დარღვევებთან ერთად. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ფაქტია, განსაკუთრებით ქუთაისში. ჩვენი წარმომადგენლები აქტიურობდნენ იმისთვის, რომ წინასწარ შევსებული ოქმი გაბათილებულიყო. 3 საათზე ცოტა მეტია დარჩენილი და გულწრფელად მინდა გთხოვოთ ყველას, მიხვიდეთ არჩევნებზე. წლევანდელი აქტივობა არის მცირედით ნაკლები ვიდრე გასული წლის და სწორედ ამ აქტივობაზე, ყველა ადამიანის ხმაზე არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარების მშვიდობიანი ხვალინდელი დღე.

ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის და იმისთვის, რომ გავარღვიოთ ეს დაპირისპირების მოჯადოებული წრე და დავიწყოთ ნორმალური განვითარება ქვეყანაში. არ დაიზაროთ, გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე. განსაკუთრებით მინდა თბილისს ვთხოვო, რადგან თბილისში დაბალი აქტივობაა გასულ წელთან შედარებით, ვიდრე რეგიონებში. მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი ხმა, იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის მისვლა ნიშნავს, რომ ნაკლები ხმა შეიძლება გაყალბდეს. გთხოვთ მიხვიდეთ არჩევნებზე, 3 საათზე ცოტა მეტი დარჩა, ნამდვილად ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ყველას ერთად ერთი დიდი ისტორიული ნაბიჯი გადავდგათ წინ და წერტილი დავუსვათ ამ ქვეყანაში დაპირისპირებას. ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა, 3 საათია არჩევნების დასრულებამდე, ცოტა სიცივეა გარეთ, მაგრამ არც ისეთი, რომ ვინმე შეგვაჩეროს", - განაცხადა ვაშაძემ.

მან მედიის წარმომადგენლებს თანაგუნდელების მიერ ჭიათურაში გადაღებული ვიდეო წარუდგინა. მისი თქმით, საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლის ნების კონტროლი ხდება.

„რაც შეეხება დარღვევებს, მინდა ჭიათურაში ჩვენი თანაგუნდელების ვიდეო გაჩვენოთ, ადამიანები არღვევენ 100 - მეტრიან დისტანციას, ამომრჩევლის ნების კონტროლი სიებით ხდება. მე მინდა ყველას მოვუწოდო, ნუ შეგეშინდებათ ამით, საარჩევნო უბანზე როცა შედიხართ და თქვენს არჩევანს ხაზავთ, ვერავინ ამას ვერ გაიგებს, ვერ დაინახავს, ვერ დააფიქსირებს. ასევე, ძალიან გთხოვთ ყველას, დაიცავით პროცედურები. ჩვენ საჩივრებს ვაფორმებთ სადაც დარღვევებია, იყო შემთხვევები როცა არ იბარებდნენ საჩივრებს და საოლქოში მოგვიწია მიტანა. არავითარი წინასწარ ხელის მოწერა ოქმებზე, არ მოგატყუოთ იქ მყოფმა კომისიის წევრებმა. ოქმი მას შემდეგ უნდა შედგეს, როცა დამთავრდება ხმების დათვლა", - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა