ცესკო-ს სპიკერის განცხადებით, შეუძლებელია, გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ამომრჩევლის ნაცვლად ხმა უბანზე სხვა ამომრჩეველმა მისცეს

ცესკო-ს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, შეუძლებელია, გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ამომრჩევლის ნაცვლად ხმა უბანზე სხვა ამომრჩეველმა მისცეს. ამის შესახებ განმარტება იოსელიანმა ბრიფინგზე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ „კოვიდთან დაკავშირებით შექმნილი გადასატანი ყუთების სქემა მუშაობს“.

„რაც შეეხება გადასატან საარჩევნო ყუთს, მინდა გავაკეთო ძალიან დეტალური განმარტება. საქმე გახლავთ შემდეგში - იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან საარჩევნო კომისიას გადაჰყავს ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში, ეს ამომრჩევლის სურვილის შემთხვევაში ხდება. ტარდება რეგისტრაციის პროცედურა და გადასატანი ყუთის ფორმირებაზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. იმის შემდეგ, რაც ამომრჩევლის მონაცემები ერთიანი საარჩევნო სიიდან გადადის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ჩნდება ჩანაწერი ამ ამომრჩევლის გასწვრივ ველში, რომ ის გადაყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც აღნიშნული ამომრჩეველი გახდა კარგად, გამოჯანმრთელდა და მოვიდა საარჩევნო უბანზე, რისი ფაქტებიც დღეს იყო, ვერ მისცემს უბანზე ხმას.

გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში გაკეთებული არის შესაბამისი ჩანაწერი. შეუძლებელია, ის ხელს ვერ მოაწერს. შესაბამისად, ის უნდა დაბრუნდეს სახლში და გადასატანი ყუთით მივლენ კომისიის წევრები და მისცემს ხმას.

მეორე - ჩავთვალოთ ჰიპოთეტურად, რომ შემოვიდა ასეთი დარღვევა - ვერავინ, ვერც თვითონ ეს ამომრჩეველი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაშია და ვერც ვერავინ მისცემდა ხმას მის ნაცვლად. მერწმუნეთ! მაქვს ამისი დიდი პრაქტიკული გამოცდილება. არაერთი წელი ვახორციელებდი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლებას და ძალიან კარგად ვიცი ეს პროცედურა. თუ ამომრჩეველი ერთიანი სიიდან გადაყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, შეუძლებელია მის ნაცვლად ვინმემ უბანზე ხმა მისცეს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „გადასატანი ყუთების სიები გაბერილია“.

„ასევე ჩვენ ძალიან სერიოზული და დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, იმის თაობაზე, რომ კოვიდთან დაკავშირებით შექმნილი გადასატანი ყუთების სქემა მუშაობს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც თითქოს პაციენტები არიან და მათ სახლში უნდა მიუტანონ გადასატანი ყუთი, რათა არ შეუძლიათ თავად მივიდნენ უბნებზე, აი, ეს სიები არის გაბერილი. არაერთი შემთხვევა გვაქვს სამეგრელოში და ნაძალადევში, როდესაც ადამიანი გადასატანი ყუთის სიაში არის, არანაირი პრობლემა არ აქვს, მიდის უბანზე და აღმოაჩენს, რომ მის მაგივრად ვიღაცამ გადასატანი ყუთით მისცა ხმა. ეს არის „კარუსელის“ და გაყალბების სერიოზული მექანიზმი. როგორც ჩანს, ამ მექანიზმის გამოყენება არის გეგმაში“, - აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო