ENEMO-ს წარმომადგენელი - თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის კამპანიაში, რამაც უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა მმართველი პარტია და ბუნდოვანი გახადა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის

არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის ENEMO-ს წინასაარჩევნო კამპანიის ანალიტიკოსის მომცილო რადულოვიჩის შეფასებით, თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის კამპანიაში, რამაც რესურსების უთანასწორობასთან და სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული ეროვნული თუ ადგილობრივი პროექტების პრეზენტაციებთან ერთად, შექმნა უთანასწორო პირობები, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა მმართველი პარტია და ბუნდოვანი გახადა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

მისივე განმარტებით, წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა მაღალი პოლარიზაციით ქვეყანაში ზოგადი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე და ძირითადად ტარდებოდა მედიის, მათ შორის, სოციალური მედიის მეშვეობით.

„დომინირებდა საერთო ეროვნული პოლიტიკური თემები, რაც ზიანს აყენებდა ადგილობრივი პრობლემების, მოქალაქეებისა და მათი თემის საჭიროებების შესახებ დისკუსიასა და წინადადების წამოჭრას. აღნიშნული გამოიკვეთა იმ მხრივაც, რომ ეროვნული დონის პოლიტიკოსები გადაჭარბებულად იყვნენ წარმოდგენილები ადგილობრივ დონეზე, სადაც საკრებულოსა და მერობის ადგილობრივ კანდიდატებს ჩრდილავდნენ პარტიის ლიდერები. კამპანიის განმავლობაში მოხდა რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის, ძალადობრივი ხასიათის არსებითი ინციდენტები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი ინციდენტი სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

როგორც მან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოში მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებულია, მოკლებულია პოლიტიკური ინტერესებისგან დამოუკიდებლობას.

„ეს გავლენას ახდენს ზოგადად მედიისა და მათი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ნდობაზე. მედია იყო აშკარად პოლარიზებული საარჩევნო პერიოდში. ENEMO-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში გამოიკვეთა სიღრმისეული მედიარეპორტაჟებისა თუ ანალიზის ნაკლებობა, რაც ხარისხიანი პოლიტიკური დებატების სივრცეს არ ტოვებდა. საარჩევნო ე.წ სიჩუმის პერიოდში, 2021 წლის 2 ოქტომბერს, პოლიტიკური პარტიები აქტიურობდნენ სოციალურ მედიაში, მათ შორის, ფასიანი რეკლამების მეშვეობით,“- განაცხადა მომცილო რადულოვიჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა