ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში "ASTRONOMY & ASTROPHYSICS" გამოქვეყნდა

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მეცნიერებმა, ილიაუნის ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტმა ეკა გურგენიშვილმა, პროფესორებმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა და ვასილ კუხიანიძემ, ევროპელ კოლეგებთან ერთად მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში "Astronomy & Astrophysics“ გამოაქვეყნეს ნაშრომი „Rieger-type periodicity in the total irradiance of the Sun as a star during solar cycles 23–24“. ამის შესახებ ინფორმაციას „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნაშრომის ავტორები მზის სრულ გამოსხივებაში დაკვირვებულ პერიოდულ ცვლილებათა საშუალებით აფასებენ მაგნიტური ველის სიდიდეს მზის წიაღში.

როგორც „ილიას სახელმწიფო უნივესტიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მზის სრული გამოსხივება ვარსკვლავების გამოსხივების ანალოგიურია, ამიტომ ეს კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მზის მსგავსი სხვა ვარსკვლავების შესასწავლად. მათი თქმით, უფრო ახალგაზრდა ან გვიანდელი მზის ტიპის ვარსკვლავების შესწავლით ჩვენი მზის წარსულისა და მომავლის გარკვევა შეიძლება.

„მზე, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის სასიცოცხლო პირობებზე. სხვადასხვა კოსმოსური მისიიდან მიღებული სრული გამოსხივების დაკვირვებები აჩვენებს, რომ მზის სიკაშკაშე ცვალებადია და რამდენიმე წუთიდან რამდენიმე წლამდე მერყეობს, რაც გამოწვეულია მზის მაგნიტური ველის ეფექტებით.

ცნობილი 11-წლიანი ციკლის გარდა მზის აქტიურობაში უფრო მოკლე, 150-200-დღიან, პერიოდებსაც აკვირდებიან, ცნობილს რიეგერის ტიპის ციკლების სახელით. მათი არსებობა თითქმის 40 წელია ცნობილია და ბევრი ამოუცნობი თვისებით ხასიათდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ეს პერიოდული ცვლილება მხოლოდ ძლიერი მაგნიტური ველის მქონე სტრუქტურებში ჩანს, ამიტომ ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს მზის წიაღის მაგნიტურ ველში არსებულ როსბის ტალღებთან.

„მზის სრულ გამოსხივებაში დაკვირვებული პერიოდული ცვლილებებისა და როსბის ტალღების თვისებების გამოყენებით შევაფასეთ მაგნიტური ველის სიდიდე მზისწიაღში, რაც სხვა დაკვირვებებით შეუძლებელია. ამჟამად რიეგერის ტიპის ციკლების გამოსავლენად სხვა ვარსკვლავების სინათლის მრუდებს ვიკვლევთ, რაც ვარსკვლავების წიაღის მაგნიტური ველის შეფასების საშუალებას მოგვცემს”, - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ილიასა და გიოტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტების დოქტორანტი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა გურგენაშვილი.

დაგეგმილი კვლევები შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სხვადასხვა კოსმოსური მისიის (Kepler, CoRoT, TESS) მიერ დაკვირვებული ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მზის ტიპის ვარსკვლავების მაგნიტური ველის შესასწავლად.

კვლევა ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული „ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის” პროგრამის ფარგლებში. პროგრამის დონორები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ფოლკსვაგენის ფონდი.

სამეცნიერო სტატია:

  1. Gurgenashvili, T. V. Zaqarashvili, V. Kukhianidze, A. Reiners, R. Oliver, A. F. Lanza and T. Reinhold, Rieger-type periodicity in the total irradiance of the Sun as a star during solar cycles 23-24, Astronomy & Astrophysics, 10.1051/0004-6361/202141370

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა