თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან „რემდესივირის“, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კი „ტოცილიზუმაბის“ შეუზღუდავად გამოყენება დაიწყება

საქართველო მიმდინარე კვირას „რემდესივირის“ 20 ათასს კოლოფს მიიღებს, ოქტომბრის მეორე ნახევარში კი ქვეყანაში „ტოცილიზუმაბის“ დამატებითი ფლაკონები შემოვა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, 7 ოქტომბრიდან ქვეყანაში „რემდესივირის“ შეუზღუდავად გამოყენება დაიწყება, ხოლო ოქტომბრის მეორე ნახევრიდან „ტოცილიზუმაბის“.

„ჩვენ ვიყენებდით „ტოცილიზუმაბის“ და „რემდესივირს“ , მაგრამ ძალიან დიდი მოთხოვნის გამო, მსოფლიოში დეფიციტი შეიქმნა, არ იშოვებოდა მსოფლიო ბაზარზე და მისი შემოტანა ძალიან გაძნელდა. ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია, მათ სხვადასხვა არხები ჩართეს, მათ შორის, რამდენიმე ქვეყანასთან, საელჩოებთან და შევძელით, რომ ამ ორი მედიკამენტის საკმარისი რაოდენობა შემოვიდეს.

„რემდესივირის“ 20 ათასი კოლოფი შემოვა ამ კვირაში, 3600 პაციენტის სამკურნალო, რაც კარგი რაოდენობაა. „რემდესივირის“ მოწოდება გაგრძელდება, მისი შემოტანა გადაწყვეტილია, ეს სერიოზულად დაგვეხმარება! რაც შეეხება „ტოცილიზუმაბის“, ამჟამად ყველაზე დეფიციტური მედიკამენტია, მწარმოებელი ფირმა ვერ აუდის მის წარმოებას და ვერ აკმაყოფილებს არამარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ წამყვან ქვეყნებს.

„ტოცილიზუმაბზეც“ მოხერხდა მოლაპარაკების მიღწევა და ის ქვეყანაში ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა საკმარისი რაოდენობით. ამჟამად ფიზიკურად არ არის მსოფლიო ბაზარზე, თუმცა, როდესაც შესაძლებელი იქნება პირველი პარტია ჩვენთან შემოვა. იმდენი შემოვა, რომ დააკმაყოფილებს მედიკამენტზე გაზრდილ მოთხოვნას. ჩვენ „რემდესივირი“ ბოლომდე არ გამოგვიყენებია, ახლაც გვაქვს, მაგრამ ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება მისი გამოყენება. 7 ოქტომბრიდან „რემდისივირის“ შეუზღუდავი გამოყენების საშუალება გვექნება, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კი „ტოცილიზუმაბის“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

მისივე ინფორმაციით, კვლევებით დადასტურდა, რომ „ტოცილიზუმაბი“ ინფექციით გამოწვეულ სიკვდილობას 24%-ით ამცირებს.

„კვლევებმა დაადასტურა, რომ „ტოცილიზუმაბი“ უნიკალური პრეპარატია, სიცოცხლის გადამრჩენელი. მასზე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა. საქართველოშიც ყველა დარწმუნდა, რომ სიცოცხლის გადამრჩენელი პრეპარატია, რომელსაც შეუძლია 24%-ით შეამციროს სიკვდილობა. ეს ცოტა არ არის“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს