„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - ივანიშვილის დამალული ქონება „პანდორას ფურცლებში” აღმოჩნდა, მათ შორის არის გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში

ბიძინა ივანიშვილის დამალული ქონება „პანდორას ფურცლებში” აღმოჩნდა, მათ შორის არის გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, - ამის შესახებ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

მათივე შეფასებით, გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს, რომ არ შემდგარიყო ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც ბოლოს მოუღებდა ფოთის მონოპოლიას შავი ზღვით ტვირთების გადაზიდვებში.

„2021 წლის 4 ოქტომბერი The Washington Post‐მა, the Guardian‐მა, BBC ‐მ და სხვა წამყვანმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებმა დაიწყეს ოფშორული იურისდიქციებიდან ჟურნალისტ‐გამომძიებელთა საერთაშორისო კონსორციუმის (International Consortium of Investigative Journalists (ICIJ)) მიერ მოპოვებული საიდუმლო ფინასური ინფორმაციის გავრცელება. ჩანაწერები ამხელენ მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიციებისა და ანგარიშების არსებობას ოფშორულ იურისდიქციებში ‐ საგადასახადო ორგანოებისგან, კრედიტორებისგან, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და მარეგულირებლებისგან თავის ასარიდებლად. გავრცელებულ ინფორმაციაში გამოკვეთილად ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ICIJ‐ის ვებ‐ გვერდზე ცალკე გვერდი ეთმობა. გამჟღავნებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილმა 1998‐2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე (BVI) საიდუმლოდ დააფუძნა 12 კომპანია. აღნიშნულ პერიოდში, როდესაც ივანიშვილმა იქ კომპანიები დააარსა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიჩნეული იყო, როგორც „განსაკუთრებით საყურადღებო ქვეყანა/იურისდიქცია ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულთან მიმართებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებით, „პანდორას ფურცლები“ ადასტურებს იმას, რა ვარაუდსაც ცოტა ხნის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამოთქვამდა, რომ ივანიშვილი ფლობს Brightstone Finance Limited‐ს ‐ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც ფლობს საკონტროლო პაკეტს მენეჯმენტ კომპანიაში, რომელიც, თავის მხრივ, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას აკონტროლებს.

„ცოტა ხნის წინ Transparency International‐ის საქართველოს ოფისმაც გაამახვილა ყურადღება აღნიშნულზე. ქვემოთ მოცემულია „პანდორას ფურცლების“ მიერ გავრცელებული სქემა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ, ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს აჩვენებს, და მათ შორის არის Brightstone Finance Limited: როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ თავისი 2020 წლის 27 ოქტომბრის პრეს‐რელიზში განაცხადა, Brightstone Finance Limited ფლობს 51% წილს ქართულ კომპანიაში ‐ Eurasian Invest, LLC. Eurasian Invest კი თავის მხრივ სრულად აკონტროლებს მეორე ქართულ კომპანიას ‐ Euro‐Asian Management LLC. Euro‐Asian Management LLC კი, მენეჯმენტ კონტრაქტის საფუძველზე, სრულად აკონტროლებს კომპანიას, რომელიც ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ფლობს. თანდართული სქემა აღნიშნული გართულებული, მაგრამ სრული კონტროლის სქემის დეტალურ სურათს იძლევა. მას შემდეგ, რაც 2014 წელს მისივე მთავრობამ წამოიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, უკვე 2017 წელს ბიძინა ივანიშვილმა პროექტის ოპონირება დაიწყო. ანაკლიის წინააღმდეგ ივანიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ქვე‐ტექსტი ყოველთვის მოიცავდა მითითებებს თითქოსდა უფრო მარტივად და იაფად განხორციელებად პროექტზე ‐ ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებითვე, „პანდორას ფურცლები“ ადასტურებს იმას, რაც ისედაც ცხადი იყო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის წინააღმდეგ ივანიშვილის მოტივებიდან ერთ‐ერთი იყო მისი პირადი ეკონომიკური ინტერესი ‐ ფოთის პორტის განვითარება.

„ცნობილია ივანიშვილის ტოტალური გავლენის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობაზე. „პანდორას ფურცლებმა“ დაადასტურა, რომ ივანიშვილს თავისი ქონება ოფშორულ იურისდიქციებში აქვს გადამალული და იყენებს მას საქართველოს მთავრობის მანიპულირებისთვის, რომ ემსახურონ მის პირად ეკონომიკურ ინტერესებს. სწორედ ეს არის გლობალური პოლიტიკური კორუფცია, რომელიც ანადგურებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ‐ როგორც ამას „პანდორას ფურცლები“ აჩვენებს. როგორც არაერთმა კვლევამ დაადასტურა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს ინტერესებშია. თუმცა საქართველოს მთავრობის ქცევა ანაკლიასთან მიმართებაში კითხვებს აჩენს მის რეალურ გეგმებთან დაკავშირებით. მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს ჩაატაროს ტენდერი ანაკლიასთან დაკავშირებით, თუმცა იქვე ოფიციალური აღიარებაც გააკეთა, რომ არსებობს ტენდერის ჩავარდნის მაღალი რისკი. ანაკლიასთან მიმართებით, საქართველოს მთავრობის მოქმედება საყურადღებო ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, ვინც ფიქრობს საქართველოში ინვესტირებას. დროა, საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ინტერესს მოემსახუროს და ანაკლიის პორტის განხორციელებისთვის საჭირო საუკეთესო და უმოკლესი გზა აირჩიოს ‐ ემუშაოს კონსორციუმს, რათა უზრუნველყოს ანაკლიის პორტის პროექტის დასრულება. ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს მილიარდერის ინტერესებს, რომელსაც ქონება ოფშორში აქვს გადამალული და არ გააჩნია ანგარიშვალდებულება ქვეყნის იურიდიული და პოლიტიკური ინსტიტუტების წინაშე“, - ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა