საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა STS Forum-ის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-18 ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 57 ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტპანდემიური მსოფლიოსთვის არსებული გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში პანდემიის პირობებში შექმნილი ის პროექტები გააცნო, რომლებიც სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ Covid-19-ის პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა და მეცნიერულ პროგრესს მიეცა დასაბამი.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ დისტანციური სწავლების ფორმატზე სწრაფად გადასვლა შეძლო და საგანმანათლებლო სივრცეს მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და პლატფორმები შესთავაზა. დაიწყო ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. აღნიშნული პროექტები სისტემაში დარჩა და მის განუყოფელ ნაწილად იქცა. მჯერა, რომ პანდემია უნდა განიხილებოდეს როგორც შესაძლებლობა, რომელიც ინოვაციურ და პოზიტიურ ტენდენციებს აჩენს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
STS ფორუმი ყოველწლიურად იმართება. წელს იგი დისტანციურ რეჟიმში 2-5 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, მეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იღებენ.