ნიკა გვარამია - მეტი ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს - ეს ჩვენ ძალიან გვაწყობს

ღარიბაშვილზე შეიძლება ისაუბრო ფსიქიატრთან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ის ამ წუთებში რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. გვარამიას განმარტებით, მალე საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავისუფალი იქნება.

„ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება არათუ განხილვის თემა არ იქნება, ღარიბაშვილი აღარ არის ამ ქვეყანაში განხილვის თემა. ღარიბაშვილზე შეიძლება ისაუბრო ფსიქიატრთან. რაც მეტი, მით უკეთესი - მეტი ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს - ეს ჩვენ ძალიან გვაწყობს, ამიტომ ამ აქტივობებს მივესალმებით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ვისაუბრებთ ისევ საქმესთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიმართულებებზე, არამხოლოდ საქმეზე და ინფორმაციებს ერთმანეთში გავცვლით, მეც მივაწვდი რაღაც ახალ ინფორმაციებს მასთან დაკავშირებით, ჩვენ სამართლებრივი ბრძოლა გვაქვს გარდა პოლიტიკურისა და მიხეილ სააკაშვილი მალე იქნება გარეთ. ამას გარდა, ქართველი ხალხიც იქნება თავისუფალი, მარტო მიხეილ სააკაშვილი არა. „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგებოდა რეფერენდუმს და ისე მოიქცა, რომ ვადამდელი არჩევნები მიიღო, მეორე ტური არის ვადამდელი არჩევნები, მორჩა და გათავდა! მეორე ტურში იქნება ოპოზიციის გამარჯვება და „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, მარტივია, როგორც დღე, ისეა ნათელი“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამია გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საპატიმროში სააკაშვილი ტელევიზორით ვერ სარგებლობს.

„სააკაშვილს ბარათზე დარიცხული აქვს ფული. კაცი შიმშილობს და მხოლოდ ტელევიზორი უნდა. რას ეუბნებიან ამით? იშიმშილე, ფულიც გქონდეს, თუ გინდა საჭმელი იყიდე, მაგრამ ტელევიზორი არა? სირცხვილია უბრალოდ", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, შიმშილობასთან დაკავშირებით სააკაშვილის გადაწყვეტილება იმდენად მტკიცეა, რომ ამაში ვეღარ ჩაერევა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, სტაბილურია, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს და ამას მივაღწევთ“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მანვე განაცხადა, რომ მმართველ ძალასთან დიალოგს აღარ აპირებს.

„ქართულ ოცნებას“ მე აღარ ველაპარაკები. „ქართული ოცნება“ არის კოლექტიური თიკა კანდელაკი და ახლა „ქართულ ოცნებას“ რომ პასუხი გავცე, გამოდის, რომ მეორე პასუხი თიკა კანდელაკს ან ჟირინოვსკის უნდა გავცე. ამ კოლექტივს ერთიანად აქვს შერაცხადობის პრობლემა. ამიტომ, ველაპარაკები იმას, ვისაც ჭკუა მოეკითხება და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია - ბიძინა ივანიშვილს. მეტი ადრესატი ჩემს მიმართვებს არ ჰყავს. ბატონო ბიძინა, ისტერია დაამშვიდეთ, დაუბრუნდით რაციონალური განსჯისა და ინსტინქტებით მოქმედების რეჟიმს და გადაწყვეტილება დროზე მიიღეთ - გამოუშვით სააკაშვილი და გაწიეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რადგან სხვა არჩევანი თქვენ არ გაქვთ. ხალხმა უკვე გააკეთა არჩევანი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო