დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - სააკაშვილს გადავეცი უწმინდესის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის, ილია მეორის თხოვნის მიუხედავად შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ბოტკოველმა განაცხადა, სააკაშვილი მისი სამკერდე ჯვრის დაბრუნებას ითხოვს.

„მისი უწმინდესობის დავალებით და ლოცვა-კურთხევით, დღეს მოვინახულე ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა, გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ამ თხოვნასთან დაკავშირებით, ასეთი პასუხი მითხრა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა. მისთვის სისუტე არ შემიმჩნევია, სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ის სააკაშვილის დაკავებას, განაცხადა, რომ „სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ არ მისულა“. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იყო სააკაშვილის საკანში პირობები, ბოტკოველმა განმარტა, ის ყოფილ პრეზიდენტს საკანში არ შეხვედრია.

„მე არ ვყოფილვარ მის საკანში, ნეიტრალურ ზონაში შევხვდით, სადაც მიღებების საშუალებაა. იქ არანაირი პირობები არ არის, მთხოვა მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ, ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას“, - განაცხადა ბოტკოველმა.

კითხვაზე, შენიშნა თუ არა მან მიხეილ სააკაშვილს ფსიქიკური პრობლემები, როგორც ამას მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ბოტკოველმა განაცხადა, რომ ამის დადგენა მისი კომპეტენცია არ არის.

„ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, მე არ გახლავართ ამ დარგის სპეციალისტი და მე ვერ ვამჩნევ ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობას, ჩვენ მშვიდად, წყნარად ვისაუბრეთ, არაფერი პრობლემა კომუნიკაციაში არ გვქონია“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ამასთან, როგორც პატრიარქის მდივანი აცხადებს, მას ყოფილ პრეზიდენტთან პატრიარქის მიერ შერჩეული სახარება უნდა შეეტანა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სახარება მეტალის ყდის იყო, აღნიშნულის სააკაშვილისთვის გადაცემის საშუალება არ მისცეს.

„როგორც ხედავთ, მოოქროვილია და ასეთი ამანათის შეგზავნა პროტოკოლიდან გამომდინარე არ შეიძლება, გვითხრეს, რომ თუკი ჩვეულებრივი ყდით იქნება, არანაირი პრობლემა შეიქმნება. ამანათების ოთახში მითხრეს, რომ ამის შეგზავნა არ შეიძლება, რადგანაც ეს არის მეტალის და როგორც ჩანს, იქ, სადაც მსჯავრდებული იმყოფება, ასეთი მეტალის ნივთები არ შეიძლება, ამიტომ მითხრეს უარი, თორემ სხვა ფორმის რომ ყოფილიყო და სხვა ყდა ჰქონოდა, არანაირი შეზღუდვა არ იქნებოდა. პატრიარქმა შეარჩია ეს სახარება და მოვიტანე სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი, რასაც ამანათით შეუგზავნიან. ეს სახარება კი უკან დამიბრუნეს“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

იხილეთ ვიდეო:სააკაშვილმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მას მიღებული აქვს და ამის შეცვლას არ აპირებს - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა