თამარ გაბუნია - თუკი აცრილთა რაოდენობა 60%-ზე მეტი არ იქნება, მოსალოდნელია პანდემიის „მეხუთე ტალღა“ - კოვიდთან ერთად კი გრიპის ვირუსი შესაძლოა სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს

გრიპთან ერთად, კოვიდის მიმდინარეობა შესაძლოა სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

„დღეს, უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად დაიწყო ტვინდემიაზე საუბარი. ზამთრის პერიოდი ჩვეულებრივად უკავშირდება გრიპის გავრცელებასაც. ახლა გვაქვს იმის წუხილიც, რომ გრიპთან ერთად, კოვიდის მიმდინარეობა შესაძლოა სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი წლის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 60%-ზე მეტი არ იქნება, მოსალოდნელია პანდემიის „მეხუთე ტალღა“.

„ეს ორმაგი დარტყმა ჩვენ, რომ გავიაროთ მარტივად, როგორც შარშან მოვახერხეთ და გავიარეთ, იგივე ზომებია საჭირო, რაც კოვიდის თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს - პირბადე, სოციალური დისტანცია, ხელის ჰიგიენა, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს და შარშან ჩვენ გამოგვიყვანა საკმაოდ რთული მდგომარეობიდან ზამთრის პერიოდში. ასევე ვაქცინაცია, 60%-ზე მეტი გვჭირდება რეალურად, რომ „მეხუთე ტალღა“ ავიცილოთ თავიდან და ზოგადად, წავიდეთ პანდემიის დასრულებისკენ საქართველოს პირობებში. 60% მიღწევადია იმ რესურსის მობილიზებით, რომელიც ჩვენს ხელთ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში შემოსულია კოვიდპრეპარატი, რომლის გამოყენებაზე რეკომენდაცია უკვე გაცემულია.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მომავალი წლის დასაწყისში, საქართველოში შესაძლოა შემოვიდეს პრეპარატი, რომლის მიღებაც ნებისმიერი კოვიდპაციენტისთვის შესაძლებელი იქნება.

„პრეპარატები ბოლო ერთი თვეა, რაც წამლის სააგენტომ, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც არის სხვადასხვა წარმოების. ჩვენ მივიღებთ ყველა წარმოებისას, ნაწილი იქნება დონაცია და ნაწილი მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში შესყიდვა. კლინიკური ჯგუფი უკვე მზად არის, რომ რეკომენდაციები გასცეს. არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელიც უკვე ჩამოვიდა ქვეყანაში და კლინიკებში გადავანაწილებთ - ეს არ არის ყველა შემთხვევაში გამოსაყენებელი. რაც შეეხება ყველასთვის გამოსაყენებელ წამალს, მოსალოდნელია, რომ უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან ასეთი წამალიც იყოს, რომელიც იქნება ნაჩვენები ყველა ინფიცირებული პირისთვის ტაბლეტირებული ფორმით, ასევე მათი ახლო კონტაქტებისთვის, ვინც იყო კონტაქტში, მანაც რომ დალიოს, მისთვისაც უფრო მეტი დაცვა იქნება.

როდესაც მძიმე პაციენტია, ოჯახის ზეწოლაც გარკვეულწილად არის, მაქსიმალურად ყველა ცდილობს, რომ გამოსავალი ნახოს. სამწუხაროდ, ეს მედიკამენტები ასეთი ძლიერიც არ არის, რომ ნებისმიერი მძიმე მდგომარეობიდან პაციენტი გამოვიდეს, არის კონკრეტული ჩვენებები, როდესაც უნდა გამოიყენოს. ხშირად, როდესაც მედიასივრცეში მედიკამენტი სახელდება, ასევე გაჟღერდება, რომ კოვიდპაციენტისთვის ეს არის კარგი, ზოგჯერ იწვევს არასწორი მოლოდინის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა