ICDI და IDMC კენჭისყრის დღეს აფასებს

„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრისა“ (ICDI) და „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (IDMC) შეფასებით, საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები უსაფრთხო, გამჭვირვალე, თავისუფალ და ძირითადად მშვიდ გარემოში საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა.

ICDI-ს და IDMC-ს ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ 13 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით მონიტორინგი განახორციელა 12 საარჩევნო ოლქის (ვაკე, საბურთალო, კრწანისი, ჩუღურეთი, გლდანი, ყვარელი, გარდაბანი, თეთრიწყარო, გორი, ქარელი, ახალციხე და ადიგენი)107 საარჩევნო უბანზე.

ორგანიზაციების ინფორმაციით, მათი დამკვირვებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კენჭისყრის დღის შეფასება ასეთია:

„საუბნო საარჩევნო კომისიები საარჩვენო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დროს, 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა დაფიქსირდა შემთხვევა, როცა უბნის გახსნის პროცესი დაგვიანდა 5 წუთით. საარჩევნო უბნების გახსნისას კომისიის წევრთა მაქსიმალური წარმომადგენლობა იყო, ძირითადად, 13-17 წევრი. საარჩვენო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები თანმიმდევრულად და საარჩევნო რეგულაციების დაცვით განხორციელდა. თუმცა, დილის 07:00-08:00 საათამდე პერიოდში, წილისყრით ფუნქციებით განაწილებისას დაფიქსირდა ტენდენციური მიდგომა, როცა გადასატანი ყუთის წამღები პირის გამოვლენის წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს „ევროპული საქართველოს“, „გირჩი“, „მესამე ძალის“, „ლელოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრებმა, ასევე, დაფიქსირდა შემთხვევა, როცა რეგისტრატორის ფუნქციის მინიჭების წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა უბნის ერთ-ერთმა წევრმა.

08:00 საათზე საარჩევნო უბნები მზად იყო ამომრჩევლების მისაღებად. თბილისის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს შეცვლილი ფორმის კაბინები დახვდათ. გარდა ამისა, სიახლე იყო N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ უბნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით, სადაც ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი ახალი ტექნოლოგიების, ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების მეშვეობით წარიმართა. მართალია, რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების (ჯამში - 3 აპარატის) ტექნიკური შეფერხება, მაგრამ საარჩევნო პროცესი ამით არ შეფერხებულა და ტრადიციული წესით გაგრძელდა ხმის მიცემა.

ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, არჩევნების დღეს დაცული იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, კენჭისყრის შენობები აღჭურვილი იყო COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამისი ინვენტარით, თუმცა მცირე რაოდენობის უბანზე დაფიქსირდა თერმოსკრინინგის ტექნიკური გაუმართაობა. საარჩევნო უბნებზე შეიმჩნეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, ამიტომ მცირე რაოდენობის უბანზე ნაკადის მომწესრიგებლებს უჭირდათ ამომრჩეველთა ნაკადის მართვა ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის გამო. ასევე, დაფიქსირდა 2 შემთხვევა, როცა ნაკადის მომწესრიგებელმა ამომრჩეველს არ მოსთხოვა პირბადის დროებით ჩამოხსნა იდენტიფიცირების მიზნით.

N10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 24-ე უბანზე განახლებული ამომრჩეველთა ერთიანი სია არ იყო თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული, თუმცა ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ დროულად გამოსწორდა აღნიშნული გარემოება.

დაკვირვების პროცესში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა რეგისტრატორმა ორი ერთი და იმავე სახის ბიულეტენი მისცა ამომრჩეველს, რომლის თაობაზეც მათი მხრიდან დაიწერა ახსნა-განმარტებები. იყო შემთხვევაც, როცა პროცედურული თანმიმდევრულობა არ იყო დაცული, კერძოდ, რეგისტრატორმა ამომრჩეველს ჯერ მარკირება ჩაუტარა და ხოლო შემდგომ გადაამოწმა მისი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში. დაფიქსირდა ორი შემთხვევა, როცა ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში შევსებული ბიულეტენი დატოვა, ასევე იყო შემთხვევა, როცა ამომრჩეველმა კაბინის გარეთ შეავსო საარჩევნო ბიულეტენები. დაფიქსირდა ამომრჩეველის მიერ აგიტაციის გაწევის მიზნით, პირბადეზე საარჩვენო სუბიექტის, პოლიტიკური პარტიის აღმნიშვნელი სიმბოლოთი უბანზე გამოცხადება.

ზოგიერთ უბანზე კენჭისყრის ოთახი იყო მცირე მოცულობის, საუბნო საარჩვენო კომისიის წევრთა, დამკვირვებლებისა და საარჩვენო სუბიექტების წარმომადგენელთა რაოდენობის გათვალისწინებით, მიუხედავად ამისა, ჩვენი დამკვირვებლები საარჩევნო რეგულაციების შესაბამისად კენჭისყრის შენობებში შეუფერხებლად ახორციელებდნენ ფოტო-ვიდეო გადაღებას. კენჭისყრის პროცესის დასრულებისათვის გადასატანი ყუთები დაბრუნებული იყო საარჩვენო უბნებზე. საარჩევნო უბნის დახურვიდან ხმის დათვლის პროცესის დაწყებამდე ჩასატარებელი ღონისძიებები საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით განხორციელდა“,- აღნიშნულია ორგანიზაციების შეფასებაში.

რაც შეეხება ხმების დათვლის პროცესს, ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული პროცესი საარჩევნო რეგულაციების დაცვით მშვიდად, გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში წარიმართა.

„ხმის დათვლის პროცესი საარჩევნო რეგულაციების დაცვით მშვიდად, გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში წარიმართა. ხმის დათვლა აუდიო-ვიდეოფიქსაციის წესით ჩატარდა იმ უბნებზე, სადაც 300-ზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი იყვნენ ხმის დათვლის პროცესის ფიქსაცია უზრუნველეყოთ საარჩევნო ყუთის გახსნის მომენტიდან საარჩევნო ბიულეტენების დასტების დალუქვის მომენტის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ვიდეოფიქსაციის კამერის გაუმართაობა, რაც გამოწვეული იყო არა ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ იმის გამო, რომ პასუხისმგებელმა კომისიის წევრებმა ვერ უზრუნველყვეს აღნიშნული კამერის გააქტიურება, ასევე, მცირე რაოდენობის უბანზე ვიდეოს გადაღების პროცესი არ დასრულებულა დადგენილებით (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს N55/2021 დადგენილება) განსაზღვრულ დროს, რადგან კომისიის წევრებმა გაფრთხილების მიუხედავად სათანადო დროს ვერ გამორთეს აღნიშნული კამერები. საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესის ხანგრძლივობა გაზარდა აუდიო-ვიდეოფიქსაციის წესის და სამი განსხვავებული სახის ბიულეტენისა და ბიულეტენებში საარჩევნო სუბიექტთა სიმრავლის არსებობამ.

კენჭისყრის დღეს დაფიქსირდა ადგილობრივი დამკვირვებელისა და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის ერთი ფაქტი. ასევე, დაფიქსირდა დეზინფორმაციის გავრცელებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ საარჩვენო კომისიების საქმიანობისათვის შესაძლო ხელის შეშლის ფაქტი. ამომრჩეველთა უფლებაა არჩევნების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე მიიღოს გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე გონივრულ ვადაში, კენჭისყრის დღის მეორე დღეს, გამოაცხადა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული წინასწარი მონაცემები.

ერთობლივი სადამკვირვებლო მისია აგრძელებს შემაჯამებელი ოქმებისა და არჩევნების შემდგომ პროცესების მონიტორინგს. ორგანიზაციის მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშის სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.docdroid.net/21dY4e0/kenchisyris-dghe-pdf“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა