გიორგი სიორიძე - მოვუწოდებ კომისიებს, საჭიროების შემთხვევაში თავისი ინიციატივით გადაითვალონ უბნები - ეს შეეხება პირველ რიგში თბილისს და ასევე იმ ოლქებს, სადაც მეორე ტური იქნება

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ, საარჩევნო კომისიებს მეორე ტურამდე ყველა უბნის გადათვლისკენ მოუწოდა. ეს განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიორიძემ ცესკოს სხდომაზე გააკეთა.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი ამოცანა არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება და თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვა. ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო მისიების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმწვავესი შეფასებები, რომ არჩევნებზე იყო არათანასწორი საარჩევნო გარემო, სადაც ადგილი ჰქონდა მოსყიდვას, ზეწოლას, ნების თავისუფალი გამოვლენის ხელშეშლას. გასაგებია, ამაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა შეასრულოს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც მის ხელთაა და არ უნდა დატოვოს კითხვის ნიშნები საზოგადოებაში.

ცესკო არ არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ორგანო და ამიტომ უნდა გადადგას თამამი ნაბიჯი, რომელიც იქნება ერთი მხრივ კანონიერი და ამასთან მიმართული პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს განმუხტვისკენ. ეს იყო მთავარი ამოცანა, როდესაც ჩვენ ამ საარჩევნო რეფორმაზე ვმუშაობდით, როდესაც გვინდოდა, რომ ამიერიდან არჩევნები აღარ ყოფილიყო ისეთი, როგორიც 2020 წლის 31 ოქტომბერს. როგორც ოპოზიციონერი მოადგილე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს განცხადება გავაკეთო ახლა, სამართლებრივი ვადების შუაწელში, როდესაც დავები მიმდინარეობს საოლქო კომისიებში და ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ისეთი შედეგის დადგომა, რომელიც არ გააჩენს კითხვის ნიშნებს საზოგადოებაში.

არჩევნების მომდევნო დღეებში აღმოჩნდა უამრავი დარღვევა საარჩევნო ოქმებში. ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ვიწროპროცედურული ჩარჩოებიდან და მოვუწოდებ კომისიებს, საჭიროების შემთხვევაში თავისი ინიციატივით გადაითვალოს უბნები. ეს შეეხება პირველ რიგში თბილისს და ასევე იმ ოლქებს, სადაც მეორე ტური იქნება. ყველა დაინახავს, რა შედეგიც დადგება. ამ შემთხვევაში, მე და თქვენ ვიქნებით არა ოპოზიციური ხმების დამცველი, არამედ საქართველოს ყველა ამომრჩევლის ხმის დამცველი, მიუხედავად იმისა, „ლელოს" მისცა ხმა, "ნაციონალურ მოძრაობას" თუ "ქართულ ოცნებას". წელს მაინც დავასრულოთ იმ სამწუხარო წრეზე ტრიალი, რომელიც საქართელოში არჩევნების ჩატარებასთან არის გაიგივებული“, - განაცხადა სიორიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს