საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს

საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 7 ოქტომბერს ინტერვიუს მსვლელობისას განაცხადა, რომ საქართველო რაიმე ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი ე.წ. 3+3 ფორმატში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ინტერვიუს დროს არ უთქვამს, რომ საქართველო 3+3 ფორმატში უნდა იყოს წარმოდგენილი.

„მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა შემდეგი:

„ჩვენი პოზიცია და ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიჟღერებია და იციან ეს ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის, ჩვენმა მეზობლებმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თურქებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ამ ფორმატში, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება ჩვენი მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან, იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თუმცა, მინდა, საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია – ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში ჩვენ რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაცის დათმობის ხარჯზე. რა თქმა უნდა, წითელი ხაზი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აუცილებელია, ჩვენ არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება და აუცილებლად ვიყოთ ყველა ახალ, თუნდაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც შეიძლება, აცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტი პოზიცია გვქონდეს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს”.

კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას. ამასთანავე, საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აქვს. აქ ვგულისხმობთ იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებში ჩვენს მონაწილეობას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში და მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. უფრო მეტიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წამოაყენა კონკრეტული იდეა - მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებს და მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო