მზად ვარ ვიბრძოლო უკეთესი სასამართლოსთვის, რომელიც პრობლემას ზოგადად მოაგვარებს არამარტო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი საერთოდ არ მიდის, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი პროცესი პოლიტიკურია, ეს არ ნიშნავს, რომ მან უნდა იბრძოლოს „ნაციონალური მოძრაობის" მიზნებისთვის, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ „ნაციონალური მოძრაობის" აქციას არ შეურთდება. რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობას, მისი თქმით, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მიღმა, საბოლოო ჯამში მართლმსაჯულების პრობლემა იკვეთება. რაქვიაშვილი ამ მხრივ პასუხისმგებლობას ყველაზე ანაწილებს.
„როცა ადამიანი შიმშილობას აცხადებს, ბუნებრივია, ჯანმთელობაზე თვითონ არის პასუხისმგებელი, როგორც ყველა ადამიანი აგებს თავის თავზე პასუხს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რატომ აკეთებს ამას სააკაშვილი და რატომ აქვს ასეთი პროტესტი. საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ სასამართლომდე და სამართლიანობის ცნებაზე. ქვეყნის საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიიჩნევს, რომ მის მიმართ სამართლიანი იყო სასამართლო, ვიწრო ნაწილში მის ჯანმრთელობაზე თავად სააკაშვილია პასუხისმგებელი და პოლიტიკურად, ფართო გაგებით, ყველა ვართ პასუხისმგებელი, რომ ჩვენ ვერ შევქმენით 30 წლის განმავლობაში სასამართლო,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.