გია ხუხაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ქმედებები, მისი ჩამოსვლის დღიდან, მხოლოდ აზიანებს პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალასაც, რომელსაც ის წარმოადგენს

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, აქციებით მოქალაქეების საპატიმროდან გათავისუფლების პრეცენდენტი სახიფათოა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ქმედებები მისი ჩამოსვლის დღიდან დღემდე მხოლოდ აზიანებს პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალასაც, რომელსაც ის წარმოადგენს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი საკითხები [ციხიდან გათავისუფლება] აქციებით წყდება. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სახელმწიფოში ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის სამართლებრივი მექანიზმები უნდა იძებნებოდეს. აქციებზე ადამიანების რაოდენობით ადამიანის გათავისუფლება რა მექანიზმით უნდა მოხდეს? პირის გათავისუფლების ერთადერთი სწრაფი მექანიზმია პრეზიდენტის შეწყალება. ასეთ შემთხვევაში, აქციები უნდა იყოს პრეზიდენტის მიმართ. თუ სამართლებრივ სივრცეში გვინდა დარჩენა, არის სასამართლო პროცედურების გავლით, რაც გარკვეულწილად დროს მოითხოვს. აქციებით ასეთი რამის გადაწყვეტის პრეცედენტი თავისთავად სახიფათოა. თუ ადამიანი დამნაშავეა 200 ათასი ადამიანიც რომ მივიდეს აქციაზე, ეს რამე ლეგიტიმაციას აძლევს? ჩვენ ფაქტობრივად, რაზე ვსაუბრობთ, თუ ბევრი ხალხი შეიკრიბა, გავიდეთ სამართლებრივი სივრციდან და მის მიღმა რაღაც პროცესი დაივიწყოთ? ეს ხომ აღიარებაა, რომ სახელმწიფო არ არის.

პროტესტის ერთადერთი ფორმა არის პრეზიდენტის მიმართ, პრეზიდენტზე პოლიტიკური ზეწოლა, რომ მან შეიწყალოს სააკაშვილი. თუმცა, ეს არის სიტუაცია, როცა პრეზიდენტს მასთან დაკავშირებით ნეგატიური განწყობა აქვს გამოხატული. გასაგებია, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ეს პრობლემა ნამდვილად დგას და ამაზე უნდა ვისაუბროთ. გარდა ამისა, უნდა ვსაუბრობდეთ გამჭვირვალე სამართლებრივ პროცესზე, მისი უფლებები რომ არ იყოს დარღვეული. სახელმწიფოში ასეთ მიმართულებით უნდა მიდიოდეს ყველაფერი და არა იმ მიმართულებით, რომ ბევრი ხალხი შევიკრიბოთ და ამით მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი შეიქმნება?- არ შეიქმნება! კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ აგდებული ტონის, რომელიც ოპონენტების მხრიდან მესმის, ადამიანი შიმშილობს, პატიმარია და ღლიცინი არის კატეგორიულად მიუღებელი. ხელისუფლებაა ცალსახად პასუხისმგებელი მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის. საავადმყოფოში მაინც უნდა გადაიყვანონ, ამისიც ეშინიათ. მართალია, გამიჭირდება იმ ადამიანზე კარგის თქმა, რომელიც პოლიტიკურ პროცესს თავის თავში ხედავს და არა თავის თავს პოლიტიკურ პროცესში. ის ამით მხოლოდ აზიანებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთანაც ის ასოცირდება. ეს პოლიტიკური ეგოცენტრიზმი ქვეყანასაც და იმ პარტიასაც, რომელსაც ის წარმოადგენს სერიოზულად აზიანებს და მხოლოდ მის პოლიტიკურ ოპონენტებს ეხმარება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება კარგავს პოზიციებს და მის მიმართ საზოგადოებაში უკმაყოფილება იზრდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ალტერნატივის ფორმირება დღემდე ვერ მოხდა, ხალხის ნაწილი ბრუნდება ისევ წარსულ პოლიტიკურ ძალასთან. ეს კარგი არაა. ჩვენ მომავლის არჩევანი გვჭირდება. ეს ორ ძალას შორის მუდმივი იწილო -ბიწილო, გამიშვი-გამატარე მთლიანად კეტავს სივრცეს იმისთვის, რომ რაღაც პოზიტიური, მომავალზე ორიენტირებული არჩევანი მიიღოს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით მეორე ტურის პროცესში და იმის ნაცვლად, რომ კანდიდატები საუბრობდნენ როგორ მართავენ მუნიციპალიტეტებს და ოპოზიცია ამტკიცებდეს იმას, რომ მისი მმართველობის პირობებში ესა თუ ის ქალაქი უკეთესად იქნება მართული, ჩვენ ვიმყოფებით პროცესში როცა მთავარი თემა გახდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება თუ ციხეში ყოფნა. ეს ხომ აზიანებს ყველაფერს, სახელმწიფო ინტერესებს?! ეს ყველაფერი მოქალაქეების რეალური პრობლემებისგანაა აცდენილი და ისევ რაღაც მანიპულირებული არჩევანის მიმართულებით მივდივართ. პირველ რიგში, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ოპოზიციის ქცევაზეც. მაგრამ ეს არ ხსნის პასუხისმგებლობას იმ ფიგურანტებს, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს მთლიანად თავის თავზე ქაჩავენ. მიხეილ სააკაშვილის ქმედებები მისი ჩამოსვლის დღიდან დღემდე მხოლოდ აზიანებს პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალასაც, რომელსაც ის წარმოადგენს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო