რა დაავადებაა დიაბეტი, როგორ ვლინდება ის და კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს დიაბეტიანი პაციენტი

ცნობილია, რომ „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებისას ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები რისკჯგუფს წარმოადგენენ. ამ კატეგორიაში შედიან დიაბეტის მქონე ადამიანები, რომელთაც დაინფიცირების შემთხვევაში ზოგჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმდებათ.

რა დაავადებაა დიაბეტი, როგორ ვლინდება, რა გართულებები ახასიათებს და კოვიდის შემთხვევაში როგორ უნდა იმართოს, ამაზე კლინიკა „ენმედიცის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი გვესაუბრა.

„შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სისხლში გლუკოზის (ანუ შაქრის) დონის მატებით ხასიათდება. დაავადების სიმპტომებიც ჰიპერგლიკემიას (სისხლში გლუკოზის მატება) უკავშირდება, ის გამოვლინდება ჩივილებით: პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, სისუსტე, მოთენთილობა, გარკვეულ შემთხვევებში წონაში კლება. ხანგრძლივი ჰიპერგლიკემიას კი წლების შემდეგ მოყვება დიაბეტის გართულებები სხვადასხვა სისტემის მხრივ, რაც განპირობებულია დროთა განმავლობაში ორგანოთა და ქსოვილთა მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებით.

დიაბეტიან პაციენტს, რომელიც წლების მანძილზე არ იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ან არ ასრულებს მის მითითებებს, შესაძლოა, განუვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი. ასევე დიაბეტური ტერფი, რომელიც არცთუ იშვიათად სრულდება ტერფის ამპუტაციით; თირკმლის უკმარისობა, რასაც მივყავართ დიალიზის საჭიროებამდე; თვალის ბადურაზე შეუქცევადი ცვლილებები, რასაც შესაძლოა სიბრმავე მოჰყვეს; ასევე ვითარდება დიაბეტური ნეიროპათია, ეს განაპირობებს ქსოვილების და ორგანოების არამარტო სისხლმომარაგების შემცირებას, არამედ ინერვაციის შემცირებასაც,“ - აღნიშნავს ექიმი, რომელიც ასევე განმარტავს, თუ რა სხვაობაა დიაბეტის ორი ტიპს შორის და თუ არის შესაძლებელი, მათი თავიდან აცილება.

„მართალია, შაქრიანი დიაბეტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს (არის სხვა ტიპებიც, მაგრამ ვფიქრობ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს). პირველ რიგში მოკლედ უნდა ავხსნათ, დიაბეტის დროს რა სახის ჰორმონალურ დარღვევასთან გვაქვს საქმე. ორივე ტიპის შემთხვევაში საქმე ეხება ჰორმონ ინსულინს, ის გამომუშავდება პანკრეასის (ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის) ბეტა უჯრედების მიერ. ინსულინი ჰორმონია, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზის უჯრედში ტრანსპორტირებას.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 აუტოიმუნური დაავადებაა, საკუთარი იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი ორგანოს წინააღმდეგ, ეტაპობრივად მცირდება ინსულინის გამოყოფა, სისხლში ინსულინის შემცირება კი იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მატებას, რადგან ის ვეღარ შედის უჯრედში. რაც შეეხება მის გამომწვევ მიზეზებს და იმას, შეგვიძლია თუ არა მისი თავიდან აცილება, პასუხი ასეთია - ზოგადად აუტოიმუნური დაავადებების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი ცნობილი არ არის, თუმც ტიპი 1 დიაბეტს ხშირად უკავშირებენ გარკვეულ ვირუსულ ინფექციას. აღნიშნული დაავადების თავიდან აცილება შეუძლებელია. ტიპი 1-ის მკურნალობა ხდება მხოლოდ ინსულინის საშუალებით.

ტიპი 2 დიაბეტის დროს სისხლში ინსულინის რაოდენობა ნორმის ფარგლებშია, ზოგჯერ მომატებულიც კი არის, მაგრამ მისი აღქმა ვერ ხდება რეცეპტორების მიერ, რაც ისევ და ისევ სისხლში გლუკოზის დონის მატებას იწვევს, ვინაიდან ის ვეღარ აღწევს უჯრედშიდა სივრცეს. მნიშვნელოვანია, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 გაცილებით გავრცელებულია მოსახლეობაში და წლიდან წლამდე ამ პაციენტების რიცხვი მატულობს.

ჭარბი წონა, სიმსუქნე, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მარტივი ნახშირწყლების (ტკბილეული, განსაკუთრებით ტკბილი სასმელები) დიდი რაოდენობით მიღება, სტრესი და მემკვიდრული განწყობა - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც წლების განმავლობაში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითერებამდე მივყავართ. აღნიშნული ტიპის დიაბეტის თავიდან აცილება შესაძლებელია კვების კორექციით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკური აქტივობით,“ - გვეუბნება ნინო ხაბეიშვილი, მაგრამ რომელი უფრო „ვერაგია,“ - დიაბეტი „ტიპი 1“ თუ „ტიპი 2“, ექიმის პასუხი ასეთია:

„რთული სათქმელია, არ მიყვარს როცა შაქრიან დიაბეტს „ვერაგ“ დაავადებას უწოდებენ. ხშირად სწორედ დიაბეტი აიძულებს ადამიანს, შეცვალოს ცხოვრების წესი: იკვებოს უფრო ჯანსაღად, დაკავდეს სპორტით და დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები. ასე რომ, გარკვეულ შემთხვევებში პირიქით, ადამიანს უბიძგებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ, რაც იწვევს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ცხოვრების გახანგრძლივებას. მაგრამ თუ პაციენტი ვერ ახერხებს გლიკემიების დარეგულირებას, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ასეთ დროს, დიაბეტი ნამდვილად აჩენს თავის „ვერაგ“ სახეს წლების შემდეგ.

ორივე ტიპის დიაბეტს აქვს გარკვეული უპირატესობა - მაგალითად, ტიპი 1 უფრო მწვავედ იწყება, მაგრამ დიაგნოზის დასმისას ვიცით, რომ ცვლილებები ახალი დაწყებულია და სისხლძარღვები არ არის ხანგრძლივი ჰიპერგლიკემიის შედეგად დაზიანებული, ინსულინთერაპიის დროული დაწყება და დაავადების სწორი მართვის შემთხვევაში, პაციენტს შესაძლოა, არასდროს განუვითარდეს დიაბეტის გართულებები. ტიპი 2-ის შემთხვევაში კი ხშირად დიაგნოზის მომენტში უკვე დაზიანებულია სისხლძარღვები და ნერვები, რადგან ტიპი 2-ის დროს შაქრის მაჩვენებელი ნელ-ნელა მატულობს და წლების განმავლობაში აზიანებს სისხლძარღვებს. ტიპი 1-ის დროს ინსულინთერაპიაზე მყოფი პაციენტი თუ კარგად ითვლის ნახშირწყლოვან ერთეულებს, ნაკლებად იზღუდავს თავს კვების თვალსაზრისითაც.

რაც შეეხება ტიპი 2-ის უპირატესობას, ხშირად მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილებით მნიშვნელოვნად რეგულირდება შაქრის მაჩვენებლები სისხლში. ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, დანიშნული მედიკამენტების ფონზე, ხშირად საკმაოდ მარტივად იძლევა გლიკემიის (შაქრის) მაჩვენებლების ნორმალიზებას სისხლში“.

ცნობილია, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევაში ყველა ქრონიკული დაავადება მწვავდება, მათ შორის, დიაბეტიც. რა გართულებებს იწვევს კოვიდი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ენდოკრინოლოგის თქმით, „კოვიდ-19“-ის დროს, ისევე როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადებისას, ორგანიზმში მიმდინარე ძვრები შაქრიანი დიაბეტის „გამწვავებას“ იწვევს ანუ შაქრის დონის მომატებას. ზოგჯერ შაქართან ერთად, სისხლში კეტოსხეულების (ანუ აცეტონის) რაოდენობა მატულობს, ყალიბდება მანკიერი წრე: შაქრიანი დიაბეტის გამწვავება იწვევს კოვიდის მიმდინარეობის გამწვავებას და პირიქით.

მაგრამ როცა საქმე გვაქვს, კოვიდის მსუბუქ ფორმასთან, კოვიდი არ იწვევს ანთებით ძვრებს ორგანიზმში, ასევე ისეთ დროს, როცა პაციენტს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იდეალურად დარეგულირებული გლიკემიები ჰქონდა. ცნობილია, რომ კარგად მართული შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ნაკლებია კოვიდის მიმდინარეობის დამძიმების ალბათობა.

როგორ უნდა მოიქცეს დაინფიცირების შემდგომ დიაბეტის მქონე პაციენტი, ამაზე ექიმს ასეთი პასუხი აქვს „დიაბეტის მქონე პაციენტი დაინფიცირების შემთხვევაში დროულად უნდა დაუკავშირდეს მკურალ ენდოკრინოლოგს. რეკომენდებულია საწყის ეტაპზევე მოხდეს ენდოკრინოლოგის მიერ შაქრიანი დიაბეტის მხრივ მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოხდეს ცვლილებების შეტანა მკურნალობის სქემაში. დიაბეტიანი პაციენტი კოვიდინფექციის დროს საჭიროებს ენდოკრინოლოგის აქტიურ მეთვალყურეობას.

რეალურად კი ყველაფერი დაავადების სწორად მართვაზეა დამოკიდებული.ზოგჯერ დიაბეტიანი პაციენტი, თუ შაქრის მაჩვენებლები (გლიკემიები) ნორმის ფარგლებში აქვს, არ თვლის საჭიროდ, დაუკავშირდეს ენდოკრინოლოგს. აღსანიშნავია, რომ დარეგულირებული გლიკემიების მიუხედავად, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება შეიცვალოს მკურნალობის სქემა. ამრიგად, მნიშვნელოვანია, კოვიდინფიცირებული დიაბეტიანი პაციენტის მართვაში საწყის ეტაპზევე ენდოკრინოლოგი იყოს ჩართული.

„პოსტკოვიდის პერიოდში მომართვიანობისას ჩივილები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყო მართული დიაბეტი კოვიდის პერიოდში, უმეტესად პაციენტები მოგვმართავენ ჰიპერგლიკემიის ჩივილებით. არის შემთხვევები, როცა შაქრის ნორმალური მაჩვენებლების მიუხედავად, პაციენტებს აწუხებთ აუხსნელი სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ჰაერის უკმარისობა, არტერიული წნევის მატება. ასეთ დროს გარდა დიაბეტთან დაკავშირებული ანალიზებისა, ვაკონტროლებთ: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, დ. ვიტამინს და საჭიროების შემთხვევაში, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციასაც,“ -დასძენს ექიმი, რომელიც გვესაუბრება იმაზე თუ რა მკურნალობის კურსი ენიშნებათ პაციენტებს და როგორ მკურნალობენ კლინიკაში „ენმედიცი“:

„მკურნალობის კურსი ინიშნება იმის მიხედვით, თუ რა ცვლილებებს მივიღებთ ანალიზებით. თუ არის დარღვეული გლიკემიები, პირველ რიგში, ვახდენთ მის ნორმალიზებას. თუ გვაქვს ცვლილებები სხვა ენდოკრინული ორგანოების მხრივ, ვმკურნალობთ მიღებულ დარღვევას.

ზოგადი რეკომენდაციები კი დიაბეტიანი პაციენტებისთვის ყოველთვის ერთი და იგივეა: მეტი ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას, პერიოდულად იკონტროლონ გლიკემიები, რეგულარულად მიმართონ ენდოკრინოლოგს და შეასრულონ მისი მითითებები. დაინფიცირების შემთხვევაში დროულად დაუკავშირდნენ ენდოკრინოლოგს, სასურველია, გლუკოზასთან ერთად, გაიკონტროლონ სისხლში კეტოსხეულები, თუ მაღალი ტემპერატურის ფონზე გლიკემიები რჩება ნორმალური ან ქვეითდება, ეს ყოველთვის კარგის მომასწავებელი არ არის. დიაბეტიანმა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება შაქრის მაჩვენებლების ნორმალიზებას ან დაქვეითებასაც კი იწვევს. ვისურვებდით, რომ ჩვენ ქვეყანაში გაიზარდოს ცნობიერება ამ კუთხით და უფრო მეტი კარგად მართული დიაბეტიანი პაციენტი გვყავდეს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ჯანდაცვის კუთხით ქვეყნის მდგომარეობას,“ - აღნიშნავს ენდოკრინოლოგი.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა