სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისგან, რომელმაც თავის დროზე თვითონ განიცადა რას ნიშნავდა ოკუპაცია

ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისგან, რომელმაც თავის დროზე თვითონ განიცადა რას ნიშნავდა ოკუპაცია. ჩვენთვის ეს იმედის მომცემია. ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში იყო, გადალახა და დღეს არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ევროკავშირში, ეს ნიშნავს, რომ წინ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა და იმედი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ავსტრიელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს მე, 100 წლის შემდეგ ვარ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც სტუმრობს ავსტრიას. ეს ორივე ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. პანდემიამ ამაში ხელი შეგვიშალა, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ ვერ შეგვიშალა ხელი. ყველაფრის მიუხედავად სიმბოლურია, რომ ეს ვიზიტი შედგა და შედგა იმ მომენტში, როცა არის გარკვეული სირთულეები პოლიტიკურ სფეროში. სწორედ აქ ჩანს რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში იმისთვის, რომ ძალები გააერთიანოს და სტაბილურობა შეინარჩუნოს. ჩვენთანაც, ამ საარჩევნო პერიოდშიც, მანამდეც და მერეც, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარი ძალა, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის. ეს არის საერთო მოვალეობა. მადლობა იმისთვის, რომ ამ წელს ვიზიტი შედგა. იცით, რომ ავსტრიაში ნობელის პირველი პრემია მიიღო ქალმა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და მთელი ცხოვრება იყო მშვიდობისკენ ორიენტირებული. ჩვენ მის ხსოვნას აღვნიშნავთ. ქართულმა ფოსტამ მისი სახელობის მარკაც გამოუშვა და ეს მშვიდობისთვის მებრძოლი ქალი გვაერთიანებს.

როგორც თქვით, მომავალი წელს იქნება 30 წელი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღნიშვნისთვის. ვიმედოვნებ და მაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომ ეს აღვნიშნოთ ისე, როგორც ორივე ქვეყანას ეკადრება. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რომელიც ავსტრიამ საქართველოს მიმართ ამ წლების განმავლობაში გამოხატა. ერთი მხრივ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იმ ქვეყნისგან, რომელმაც თვითონ განიცადა თავის დროზე რას ნიშნავდა ოკუპაცია. ჩვენთვის ეს იმედის მომცემია. ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში იყო, მან ეს გადალახა და დღეს არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ევროკავშირში, ეს ნიშნავს, რომ წინ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა და იმედი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ავსტრიამ სოლიდარობის ნიშნად პანდემიისას საქართველოს ვაქცინები აჩუქა, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო.

„ეს არის სიმბოლური ნიშანი იმის, რომ ევროკავშირის ამ ქვეყანამ ხელი გამოგვიწოდა, ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალიან რთულ პერიოდში, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის გადალახული. ალბათ, რაღაც ფორმით, პანდემიასთან ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ასევე, ვისწავლოთ მეტი პასუხისმგებლობის აღება ჩვენ თავზე, ეს არის მოქალაქის ვალი.

ასევე, სოლიდარობა გამოხატულია იმ ნაწილშიც, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ავსტრია 5 წევრით მონაწილეობს. აუცილებელია, რომ სადამკვირვებლო მისიამ, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, შეძლოს და დაფაროს ის ტერიტორიები, რისთვისაც იყო თავის დროზე შექმნილი. ამით გადაიდგმება პირველი ნაბიჯი, რაც შეიძლება დეესკალაციის მიმართულებით გადაიდგას და მადლობა, რომ ამ წამოწყებაში მონაწილეობთ.

თქვენც აღნიშნეთ, რომ გარდა იმისა, ორივე ქვეყანა ვართ პატარა, მთიანი და საინტერესო, ამ ორ ქვეყანას საერთო აქვს ისიც, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარება დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკაზე. ჩვენი თანამშრომლობა იყო, არის, გრძელდება და ვითარდება ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ავსტრიის განვითარების სააგენტოს როლი. ბევრი ავსტრიული კომპანია მოღვაწეობს საქართველოში და მზად ვართ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს