ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი არასრულწლოვანია, რის გამოც მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სხდომა დახურა.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარე საქმეზე ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობა იყო, მოსამართლემ საქმის პროკურორის, მიხეილ ბერიაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც არ იზიარებს დაცვის მხარე და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ბრალდებულთაგან ოთხის უფლებებს ადვოკატი გიგა ჯეირანაშვილი იცავს. ჯეირანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ბრალს არ აღიარებენ. მოსამზადებელი სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 8 ნოემბერს შედგება.
შეგახსენებთ, გორში, 7 ოქტომბერს, რამდენიმე პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1993 წელს დაბადებული ტ.კ.-ს ფიზიკურად გაუსწორდა და უგონო მდგომარეობაში მყოფი დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. გარდაცვლილის ცხედარი მდინარემ სოფელ ქვახვრელთან 8 ოქტომბერს გამორიყა.
ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან 3 პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.