"ქართულმა ოცნებამ" მოიგო ის ე.წ. რეფერენდუმი, რომელიც თავად ოპოზიციამ დააანონსა და შემდეგ თავადვე წააგო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას განცხადება კოალიციის თაობაზე სინამდვილეში დამარცხებული პარტიის პიარს ემსახურება.
"ეს არის იმ ოპოზიციის პიარი, რომელიც ყველა დამარცხებას გამარჯვებად ზეიმობს, ეს მათი ე.წ. პიარის მთავარი ნაწილია, რომელიც ცდილობს, რომ თეთრი შავად წარმოაჩინოს და შავი თეთრად. "ნაციონალური მოძრაობა" და ზოგადად, ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდა. "ქართულმა ოცნებამ" 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში გაიმარჯვა პირველივე ტურში, ხოლო დარჩენილ 20- ვე მუნიციპალიტეტში ყველგან გავიდა მეორე ტურში, საკრებულოების 2/3 დააკომპლექტა საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა პაპუაშვილმა.