ანა ბუჩუკური - სამმხრივ მოლაპარაკებაზე არც „ოცნებისგან“ და არც „ნაცმოძრაობისგან“ პასუხი არ მიგვიღია - თუ საბოლოოდ პასუხი არ იქნება ან იქნება უარი, გადაწყვეტილებას მივიღებთ ძალაუფლების დაბალანსების პრინციპით

გიორგი გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“ საკრებულოების დაკომპლექტების მიზნით ღია სამმხრივი მოლაპარაკების შესახებ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ შეთავაზებაზე არცერთი პარტიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, პასუხის მისაღებად მათ კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ აქვთ. ამასთან, კითხვაზე, აღიქვამდენ თუ არა შეთავაზებაზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დუმილს უარად, ბუჩუკური ამბობს, რომ „აქამდე რომ სდუმან, შეიძლება ასე იყოს აღქმული“.

„შეთავაზებაზე ორივე მხარის თანხმობა უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ მხარესთან საუბარს არ ვაპირებთ. როგორც იცით, გაცხადებული გვაქვს, რომ არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას არ ვაპირებთ. შეთავაზება ითვალისწინებდა სწორედ ამ სამმხრივ ღია მოლაპარაკებებს. ამ შეთავაზებაზე, არცერთი პარტიის მხრიდან ოფიციალური პასუხი, სამწუხაროდ, არ მიგვიღია. ცალკეული წარმომადგენლები სხვადასხვა შინაარსის განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ვგულისხმობ ოფიციალურ პოზიციას, რაც არ მოგვისმენია. ეს, პრინციპში, არ გაგვკვირვებია იმიტომ, რომ როგორც ერთ, ისე მეორე პარტიას ახასიათებს რადიკალიზმი, მათ წარმოდგენაში თვითონ უნდათ იყვნენ მხოლოდ, ორივე პარტიას ერთმმართველობის ჟინი აქვს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის მათი პოზიცია. ამას წინასწარაც ვითვალისწინებდით. არ ვიცი, დღეს ან ხვალ აზრს თუ შეიცვლიან, მაგრამ არ მგონია. ჯერჯერობით პასუხი არ არის და როდემდე შეიძლება მოცდა. წამზომი არ ჩაგვირთავს, მაგრამ იმას რომ ადასტურებენ, რომ ერთიც რადიკალია, მეორეც და მათთვის პირადი პარტიული ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ შემთხვევაში საკრებულოს გამართული ფუნქციონირება, ეს ფაქტია. ამასაც ვითვალისწინებდით“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სამმხრივ მოლაპარაკებებზე უარს იტყვიან, გახარიას პარტია გადაწყვეტილებებს ძალაუფლების დაბალანსების პრინციპით მიიღებს.

„თუ მათგან საბოლოოდ პასუხი არ იქნება ან იქნება უარი, ჩვენ თითოეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მივიღებთ ძალაუფლების დაბალანსების პრინციპით, ეს რაში იქნება გამოხატული, ამ დღებში ვისაუბრებთ დეტალურად“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა მათ პარტიას პრეტენზია, რომ საკრებულოების თავმჯდომარეები მათი წარმომადგენლები იყვნენ, ბუჩუკური ამბობს: „ვნახოთ“.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.

პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, მისი პარტია არცერთი მუნიციპალიტეტის დონეზე კოალიციის შექმნას არ აპირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა