თბილისში 67 ნაგავმზიდის და 7 ქუჩის მექანიკური დამგველის შეძენა იგეგმება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მთავრობა 67 ერთეულ ნაგავმზიდსა და 7 ერთეულ ქუჩის მექანიკური დამგველ, ე.წ. სვიპერს შეიძენს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამას „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ დადებული სასესხო ხელშეკრულება ითვალისწინებს, რისთვისაც 15 მილიონი ევრო გამოიყო.

„დაწყებული გვაქვს მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამაში „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ გვეხმარება. მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. 2018 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD) ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. საუბარია სესხზე, რომლის მეშვეობითაც ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ. პროექტის ფარგლებში გადაწყვეტილი არის ნაგავმზიდების შეძენა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და გვყავს გამარჯვებული კომპანიებიც, რომლებიც შესაბამის ტექნიკას მოგვაწვდიან.

ამ პროექტისთვის 15 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი. სესხის ძირითადი კომპონენტი არის სპეცტექნიკის, მათ შორის 67 ერთეული ნაგავმზიდისა და 7 ერთეული ქუჩის მექანიკური დამგველი, ე.წ. სვიპერის შეძენა, რომელთა ღირებულება ჯამში 9 მილიონი ევროა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტექნიკის არსებობა ქალაქში“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ხელშეკრულების ფარგლებში ტექნიკის მოწოდების ვადა 8-10 თვეა.

„გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ (EBRD) შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში იგეგმება დამატებით 65 ერთეული ტექნიკის შესყიდვა, მათ შორის 44 ერთეული ნარჩენების შემოგროვებელი მანქანის. ზოგადად, თბილისს 120 ერთეული ნაგავმზიდი მოემსახურება და ძალიან მალე ეს პარკი მთლიანად განახლდება“, -განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა