მამუკა კაციტაძე - ქვეყნის პრეზიდენტი ციხეში ზის და შიმშილობს - დამთავრდა, ეს პოლიტიკაა, როცა ასეთ დროს პარლამენტში დავარცხნილი გამოდიხარ და რაღაცებს ქილიკობ, პატარა ხარ

ქვეყნის პრეზიდენტი ციხეში ზის და შიმშილობს - დამთავრდა, ეს პოლიტიკაა. დამთავრდა, ის პოლიტიკური მოტივებით არის ციხეში ჩასმული, პოლიტიკურად იდევნება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შიმშილობა პოლიტიკური პროტესტის ფორმაა და არა უბრალოდ საჭმლის აკრძალვის ხანგრძლივი პროცესი.

„პოლიტპატიმრის სტატუსი არ ნიშნავს უდანაშაულობას. შეიძლება დანაშაული გქონდეს ჩადენილი, მაგრამ ეს დანაშაული ვიღაცამ პოლიტიკური სარჩულით წამოწიოს, როგორც ეს პრემიერმა გააკეთა და სიბრძნე განგვიცხადა - ჭკვიანად იყოს, თორემ სხვა მუხლებზეც გავასამართლებთო. პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს. საუბარი თაფლზე და წვენებზე კომიკურია, სატირალი რომ არ იყოს.

სააკაშვილი მე-13 დღეა შიმშილობს და ეს არის კრიტიკული მომენტი. მახსოვს ჩემი 16-დღიანი შიმშილობა და მე-12 დღე იყო ძალიან კრიტიკული. ფიზიოლოგიურ ფაქტორებს რომ თავი დავანებოთ, ყველაფერზე ბრაზდები, ნერვებზე ხარ. ასეთ დროს, როდესაც პარლამენტის კედლებიდან დავარცხნილი გამოდიხარ და რაღაცებს ქილიკობ, პატარა ხარ“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისი აზრით, აღნიშნული საკითხი სახელმწიფოს პრობლემას წარმოადგენს.

„სახელმწიფოსთვის რომ ეს ცუდია, ეს ცხადი და ნათელია. სააკაშვილი არ ყოფილა უფერული პრეზიდენტი. თავისი საქმიანობით, მას მსოფლიო ლიდერები იცნობენ და ასეთ მდგომარეობაში მისი ყოფნა პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთმნიშვნელოვნად წამგებიანია. საკითხს აქვს სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური - ჰუმანური მხარე, რომელიც წინა ორ მხარეს ჩრდილავს.

ურემი რომ გადაბრუნდება, მაშინ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, ახლა რა ვქნათო. ეს ადამიანი ამდენი წელია გარეთ იყო, საქმეები მიდიოდა, ხდებოდა გარკვეული პოლიტიკური ამნისტიები და ეს არ იყო მხოლოდ სამართლებრივი აქტები, მათ შორის მელიასთან და რურუასთან დაკავშირებით. სააკაშვილი პოლიტიკოსია და მას პოლიტიკური ცხოველისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს - ეს „ცხოველი“ ვინმეს ცუდი არ ეგონოს. ამ ტიპის ნაბიჯს რომ მოიმოქმედებდა, ეს არ წარმოადგენს მე-7 კონტინენტის აღმოჩენას. ამასთან დაკავშირებით საჭირო იყო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, მაგრამ დღეს პირველ პლანზე სამართლებრივი საკითხის დაყენება არ ღირს. არ ვამბობ, რომ სააკაშვილს განსაკუთრებულად უნდა მოექცე, მაგრამ როდესაც როგორც სახელმწიფოს, პოლიტიკური პრობლემა გექმნება, ამაზე უნდა დაიჭირო ზომები. უცებ რომ სიტუაცია დამძიმდეს, ვინმე ფიქრობს ამაზე?

საქართველოში შეუძლიათ, რომ 87%-ით აირჩიონ პრეზიდენტი, 2 წელიწადში მისი გამგდები აირჩიონ 94%-ით და შემდეგ 5 თუ 7 წელიწადში უკვე ამის გამგდები აირჩიონ 96%. ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში, ამ ხალხის თვალწინ ხდება. ეს ყველაფერი რიცხვებში წერია. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, სააკაშვილი მართალია თუ მტყუანი. თუ ვინმეს ჰქონდა სააკაშვილთან კონფლიქტი, მე მქონია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო, მომენტი და შეფასება აქვს. დღეს ეს არის მნიშვნელოვანი? ახლა ხომ არ დავუწყებ წარსულის გახსენებას? ეს არის სიპატარავის მანიშნებელი“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

იხილეთ ვიდეო:ქვეყნის პრეზიდენტი ციხეში ზის და შიმშილობს - დამთავრდა, ეს პოლიტიკაა, როცა ასეთ დროს პარლამენტში დავარცხნილი გამოდიხარ და რაღაცებს ქილიკობ, პატარა ხარ - მამუკა კაციტაძე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა