მიხეილ სარჯველაძე - ნუ დავაკავშირებთ სააკაშვილზე ღარიბაშვილისა და პროკურორის განცხადებებს ერთმანეთთან, ღარიბაშვილმა განმარტება გააკეთა და ბუნდოვანება გაფანტა

ნუ დავაკავშირებთ სააკაშვილზე ღარიბაშვილის და პროკურორის განცხადებებს ერთმანეთთან, ბატონმა ღარიბაშვილმა ვრცელი განმარტება გააკეთა და ბუნდოვანება გაფანტა,- ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შეიძლება კავშირში იყოს ღარიბაშვილის განცხადებასთან, რომ "სააკაშვილი თუ წესიერად არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმატებენ" პროკურორის დღევანდელი განცხადება, რომ შესაძლოა სააკაშვილი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოკითხონ.

სარჯველაძის თქმით, პროკურატურის გეგმებზე ამ კუთხით მას ინფორმაცია არ აქვს.

"რა გეგმები აქვს პროკურატურას მე ამის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ. ჰიპოთეტურად თუ ვიტყვით, რომ რომელიმე საქმეზე შეიძლება სააკაშვილის დაკითხვის საჭიროება გაჩნდეს, ეს ბუნებრივია, გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და ასეთი შესაძლებლობა რა თქმა უნდა, ექნება პროკურატურას თუ ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ უწყებას, რომელსაც შეიძლება კითხვები გააჩნდეს. ნუ დავაკავშირებთ ამას ერთმანეთთან, ბატონმა ღარიბაშვილმა ვრცელი განმარტება გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით და მგონი ყოველგვარი ბუნდოვანება გაფანტა იმ ინეტრპრეტაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისსავე მანამდელ განცხადებას გაუკეთდა და გულისხმობდა თითქოსდა ზეწოლას გამოძიებაზე,"- განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს.

საქმე ეხება ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებას, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს.

„აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა