გრიგოლ ვაშაძე - ვქირაობთ საელჩოებს ისეთ სახელმწიფოებში, სადაც მუდმივად დაგვჭირდება, ბუხარში ვყრით ფულს, როდესაც შეგვიძლია გამოვისყიდოთ - ურთიერთობის გაციება დასავლელ კოლეგებთან მათ შორის იმით არის გამოწვეული, რომ არასაკმარისი რესურსი აქვს სამინისტროს

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება არასაკმარისია.

როგორც ვაშაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა, ქვეყანა “ბუხარში ვყრით ფულს“, როდესაც საელჩოების არენდისთვის საზღვარგარეთ თანხებს იხდის.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ჩვენი ურთიერთობის გაციება დასავლელ კოლეგებთან მათ შორის იმით არის გამოწვეული, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არასაკმარისი რესურსი აქვს.

„იცით რა მადარდებს? - წლიდან წლამდე, ადმინისტრაციიდან ადმინისტრაციამდე, კაბინეტიდან კაბინეტამდე, პრემიერ-მინისტრიდან პრემიერ-მინისტრამდე მოთხოვნები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის უზარმაზარი და რესურსი, რომელსაც სახელმწიფო გამოყოფს ამ სამინისტროსთვის არ არის საკმარისი. ეს არის ჩვენი მეორე არმია, ხანდახან პირველი არმიაც. იმისთვის, რომ ეს სამინისტრო იყოს კონკურენტუნარიანი და მოვიდეს ახალგაზრდა, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ორი უცხოური ენის ცოდნა, ამ სამინისტროს უნდა შეეძლოს შეჯიბრება კერძო ბიზნესთან და შემდეგ სხვა სამინისტროებთან. იმაზე არ ველაპარაკო, რომ ძალიან მახინჯ მხარეს და არასწორ მხარეს შეიცვალა ჩვენი საელჩოების და წარმომადგენლობების შემადგენლობა საზღვარგარეთ. არა ვართ ჩვენ ის სახელმწიფო, რომელსაც პოლიტიკური ელჩის, არასაჭირო დესპანის ფუფუნება ჰქონდეს. 2008 წლიდან, მინისტრი რომ გავხდი, ვიძახი, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი ვხარჯავთ უაზროდ ფულს, როდესაც ვქირაობთ საელჩოებს ისეთ სახელმწიფოებში, სადაც საელჩოები მუდმივად დაგვჭირდება. ბუხარში ვყრით ფულს, როდესაც კრედიტი შეგვიძლია ავიღოთ და გამოვისყიდოთ ეს საელჩო. 2012 წლის მერე არის ვაშინგტონი ნაყიდი და სტრასბურგიც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჟენევაშიც გვჭირდება აუცილებლად. არ გვაქვს ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საელჩო. 175 მილიონიდან თუ გამოაკლებთ ხარჯებს, რომელიც მიდის საელჩოების არენდაზე, ასევე ძალიან მწირ ანაზღაურებას ჩვენი კვალიფიციური დიპლომატების, ასევე მიმდინარე ხარჯებს, არაფერი რჩება. ჩვენი პროფესია არის ურთიერთობა და დოკუმენტები. თუ ელჩი ლანჩზე მარტო მიდის, ე.ი. არ მუშაობს. ჩვენ თუ არ მივეცით, საიდან მოიტანს? არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროზე ნაკლები მნიშვნელობის [საგარეო საქმეთა სამინისტრო]. ჩვენი ურთიერთობის გაციება დასავლელ კოლეგებთან მათ შორის იმით არის გამოწვეული, რომ არასაკმარისი რესურსი აქვს ამ სამინისტროს. არის საერთოდ ამაზე ლაპარაკი მთავრობის სხდომის დროს? თუ რადგან ნაკლებად ყვირის ეს სამინისტრო და ზრდილობიანად იქცევა, მუდმივად დაჩაგრული უნდა იყოს? მინდა, ეს ბიუჯეტის შედგენისას გავითვალისწინოთ, მით უმეტეს, თუ სახელმწიფო 2024 წელს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას აპირებს“, - მიმართა გრიგოლ ვაშაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს