იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რა მიზნით გაავრცელა უწყებამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პარამეტრები

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მიზნად ისახავდა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოება შეცდომაში არ შეეყვანა.

რატი ბრეგაძის თქმით, ის ამ თემაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ესაუბრა.

„ვისაუბრეთ ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც განვითარდა ამ დღეების განმავლობაში.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ პარამეტრებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რომელიც იქნა გავრცელებული, როგორც ქალბატონ ნინო ლომჯარიას ასევე საზოგადოებასაც განვუმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპონენტები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს ვუქმნიდით საფრთხეს, მას იძულებით ვამყოფებდით ამ მდგომარეობაში. ეს ხალხი, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებდა, ბუნებრივია არ ფიქრობდა, არც მისი ოჯახის წევრების მდგომარეობაზე, არც საზოგადოების მდგომარეობაზე. პირიქით, შეგნებულად ცდილობდნენ, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, გამოეწვიათ მღელვარება და ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები იყო ნორმალურ მდგომარეობაში.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ჩვენი ყველა ქმედება იქნება ადეკვატური. ჩვენი ინტერესია, რომ უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. ვისაც ამოძრავებს სხვა მიზნები, ვურჩევთ, რომ თავი შეიკავონ ისევ და ისევ პატიმრის მდგომარეობიდან გამომდინარე”, - აცხადებს რატი ბრეგაძე.

ნარკომოხმარება და მასთან დაკავშირებული პრობლემები - ინტერვიუ ექიმ-ნარკოლოგ დავით ოთიაშვილთან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.04.2024
გამონახეთ ერთი წუთი თქვენი ჯანმრთელობისთვის