ნინო ლომჯარია - მნიშვნელოვანი იქნება პატიმრის პირადი ნდობა ექიმების საქმიანობის მიმართ

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობის მონიტორინგს ომბუდსმენის აპარატი რეგულარულად განახორციელებს.

როგორც ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დრომდე პატიმრის უფლებრივი მდგომარეობა მხოლოდ ერთხელ, პენიტენციური სამსახურისა და პრემიერ-მინისტრის მიერ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ მოინახულეს მიხეილ სააკაშვილი და მომავალშიც ვაპირებთ. ზუსტ დროს წინასწარ არ ვასახელებთ, თუმცა, იქნება რეგულარული ვიზიტები. მისი, როგორც პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, ერთადერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, იყო მისი პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გასაჯაროება. საქმე ეხება ჯანმრთელობის დეტალურ ინფორმაციას, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა და პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ეს იყო მისი, როგორც პატიმრის უფლების დარღვევა. სხვა რაიმე პრობლემები და დარღვევები ადგილზე არ დაგვიფიქსირებია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყველაზე პრობლემური ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

„ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ობიექტური და დროული ინფორმაცია მიეწოდებოდეს საზოგადოებას მისი მდგომარეობის შესახებ, თუმცა, ეს უნდა მოხდეს ისე რომ არ იყოს უხეშად დარღვეული მისი პერსონალური მონაცემები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მივესალმები, რომ ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა მულტიფუნქციური ჯგუფი. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც იყო ჩართული ამ ჯგუფის შექმნაში და ახლა ველოდებით თავად პატიმრის თანხმობას, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პატიმრის პირადი ნდობა ექიმების საქმიანობის მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუკი იქნება თანხმობა, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი რეგულარულად განახორციელებს ჯანმრთელობის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდიან მისი ჯანმრთელობის დინამიკის თაობაზე ობიექტურ ინფორმაციას“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოყოფის მოთხოვნით გუშინ მიმართა. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა.

სამინისტრომ ასევე მიმართა თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველსაც.

საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრები, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრების ნაწილი ესწრებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა