დავით კირკიტაძე - მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მონაწილეობა აქციაში - ნუ ეძებენ კატას ბნელ ოთახში, ეს კატა ამ ოთახში არ არის, ნურავინ თავს ნუ იმართლებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ 14 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სხვადასხვა ტიპის, მასშტაბისა და განვითარების აქციები გაიმართება.

„ჩვენ შევიკრიბებით საკმარისი რაოდენობა და ხელისუფლება იქნება ვალდებული მოგვისმინოს. ჩვენი პარტნიორები და მეგობრები ნახავენ, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ვართ მშვიდობიანი გამპროტესტებლები ამ უსამართლობის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და ბუნებრივია, კანონის ფარგლებში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხერხსა და საშუალებას იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს საპატიმროში და სამართლიანობა აღდგეს მის მიმართ.

ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ვარიანტს, არავინ არ აპირებს, შეეგუოს და თავი დაუხაროს ამ უსამართლობას, რაც ხდება. იქნება სხვადასხვა ტიპის, მასშტაბისა და განვითარების აქციები, კანონის შესაბამისი. რამაც, საბოლოო ჯამში, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უნდა მოიტანოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მათთან კონსულტაციები არ ჰქონია და აქციებს ამიტომ არ უერთდებიან.

კირკიტაძის თქმით, კონსულტაციები საჭირო არაა, რადგან იმაზე მეტი, რაც საჯაროდაა ცნობილი, 14 ოქტომბრისთვის არაფერი იგეგმება.

„ჩვენთვის მთავარია და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას აქვს სწორი ინფორმაცია ჩვენ რასაც ვაპირებთ. საზოგადოებას, რომელიც იქნება წარმოდგენილი თავისუფლების მოედანზე. მათ იციან, რომ ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მონაწილეობა. იმის მეტი და იმის იქით, რასაც მე ახლა ვამბობ არაფერი არ არის, ბუნებრივია, ნუ ეძებენ ბნელ ოთახში კატას, ამ ოთახში ეს კატა არ არის და ნურც ნურავინ იტყვის და თავს ნუ იმართლებს იმით, რომ რაღაც არ იციან და დაუპატიჟებლად ვერ მივლენ - მათი ნებაა და მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა