კახა კუჭავა - რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენს პოლიტიკას

რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ჩვენს პოლიტიკას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის შეთავაზებას, რომ დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით.

კახა კუჭავას თქმით, საქართველო პარტნიორებთან ერთად, რუსეთს ყველანაირ არაკანონიერ ქმედებაში ხელს შეუშლის.

„რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად იმ პოლიტიკას, რომელსაც ჯერჯერობით შედეგი მოაქვს და ყველანაირად შევეცდებით და შევძლებთ მივაღწიოთ იმ შედეგსაც, რომ მათ საბოლოოდ შევუშალოთ ხელი ყველა არაკანონიერ ქმედებაში“, - განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიის 54-ე რაუნდს ეხმაურება, რომელიც ჟენევაში 12-13 ოქტომბერს გაიმართა.

„რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა