სოზარ სუბარი - „ქართულ ოცნებას“  მოსამართლეთა დიდი ნაწილის გამოცვლის გეგმა ჰქონდა, მაგრამ არასამთავრობოები დაირაზმნენ, რომ ეს იქნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება - სამწუხაროდ, ჩვენ მათი რჩევა გავითვალისწინეთ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი პოლიტიკური გუნდი მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილის გამოცვლას აპირებდა, თუმცა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები „მწყობრში ჩადგნენ“ და თქვეს, რომ ხელისუფლებას მოსამართლეთა სისტემიდან გაშვების პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

აღნიშნულ საკითხზე სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ისაუბრა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად არის სამართლიანობა აღდგენილი წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან დაზარალებული ადამიანებისთვის მაშინ, როცა სასამართლო სისტემაში იგივე მოსამართლეები დარჩნენ და რატომ არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პარტნიორების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები, მით უფრო, რომ ცალკეულ მოსამართლეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებოდა და სისტემას ამ ვადის გასვლის შემდეგ დაემშვიდობებოდა.

„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევები გავითვალისწინეთ - სამწუხაროდ, მაგრამ გავითვალისწინეთ. ნამდვილად ვაპირებდით რეფორმას, მაგრამ დადგა მწყობრში მთელი ქართული არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება და თქვეს: ხელები შორს სასამართლოსგან! არც ერთი მოსამართლე არ უნდა გათავისუფლებულიყო. შეიძლება რაღაც გაგებით ეს სწორიც იყო, სამართლიანიც, თუმცა მე პირადად ჩემი დამოკიდებულება მქონდა ბევრი პიროვნების მიმართ, ვინც არ მომწონდა და მიმაჩნდა, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. მიგვაჩნდა, რომ რეფორმა უნდა წასულიყო იმ გზით, რომ პრაქტიკულად მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილის გამოცვლა მომხდარიყო, რაც იქნებოდა სწორი, მაგრამ მართლა დაირაზმნენ და მართლა ყველამ გვითხრა, რომ ეს იქნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ამას ითხოვდა, მართლა გეუბნებით.

პოლიტიკურად, გულწრფელად რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრი მქონდა, თუ მართლა გვინდა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, ისინი იყვნენ მართლები და ჩვენ წავედით იმ გზით, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ პარტნიორები და ქართული არასამთავრობო სექტორი, მაგრამ როცა მათ აღმოაჩინეს, რომ სასამართლო სისტემა დადგა მყარად ფეხზე და არ მოექცა არავის კონტროლის ქვეშ, არც ხელისუფლების და არც მათი, ვისაც შეიძლება მათი კონტროლის სურვილი ჰქონდა, მაშინ დაიწყეს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით მოთხოვნა, რატომ არიან სასამართლოში“, - განაცხადა სუბარმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს