ჯერჯერობით, არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს, - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე ევროპარლამენტარების წერილს Twitter-ზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროკავშირს რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი.
„ჯერჯერობით, არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს. ევროკავშირს ამ რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ნამდვილ მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპარლამენტში, რომ უფრო გავამყაროთ ჭეშმარიტი, დასავლური დემოკრატია. გვჯერა, რომ დასავლურ ცივილიზაციას კანონის უზენაესობა უდევს საფუძვლად“, - წერს ლევან ქარუმიძე.
ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, ევროპარლამენტარებმა შეადგინეს წერილი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში საბოლოოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა.
წერილში, რომელიც ტელეკომპანიამ ექსკლუზიურად მოიპოვა, ისინი აცხადებენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე.
საერთო განცხადების ინიციატორია ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და მას ხელს აწერენ ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები.