ადვოკატი - ვაფასებთ სახალხო დამცველის ძალისხმევას სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით, მაგრამ ომბუდსმენი პენიტენციური სამსახურიდან მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რაც მცდარია

ვაფასებთ სახალხო დამცველის ძალისხმევას მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც გავიგე, სახალხო დამცველი პენიტენციური სამსახურიდან მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელიც არის მცდარი და უსინდისობა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პენიტენციური სამსახური საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური დაკვეთის მიხედვით მოქმედებს.

„თავდაპირველად, როდესაც სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკა ყიფშიძის ვიზიტი მოვითხოვეთ, ეს ვიზიტი განხორციელდა, ხოლო ამის შემდეგ გვითხრეს, რომ ყოველ ჯერზე უნდა დაიწეროს ახალი განცხადება. ამ კვირაში ვიზიტთან დაკავშირებით უკვე დაწერილია მე-3 განცხადება. მითითება იმაზე, რომ განცხადებაში მთელი თვის მანძილზე ან ყოველდღიურად შესვლას რატომ ვითხოვთ, ამით განცხადების დახარვეზება, ბიუროკრატიული ლაფსუსიც კი არ არის - ეს არის უსინდისობა. ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში ყოველდღიურად მიეცეს ნიკა ყიფშიძეს მისი მონახულების საშუალება. ამის გაჭიანურება არის ისეთივე თითიდან გამოწოვილი საკითხი, როგორც ის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო პროცესს არ ნიშნავენ“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

როგორც მან აღნიშნა, ციხის ადმინისტრაცია და ციხის ექიმთა გუნდი ამაში არ არიან ჩართული.

„ეს არის პრემიერ-მინისტრის განცხადებების გაგრძელება, როდესაც ის ითვლიდა, თუ რა შეიძინა და მიირთვა მიხეილ სააკაშვილმა. მათ არ უნდოდათ, რომ სააკაშვილის შიმშილობის თაობაზე საზოგადოებას ექიმისგან მიეღო ინფორმაცია. მაგალითად, როგორც ეს მაშინ გააკეთეს, როდესაც სააკაშვილის წნევის მონაცემები გამოაქვეყნეს, რაც არის არაფრის მთქმელი გარემოებები, რადგან ყოველ საათში შეიძლება იცვლებოდეს ადამიანის მდგომარეობა და მისი მდგომარეობის არასახარბიელობაზე ვერც ერთი კეთილსინდისიერი ადამიანი იტყვის, რომ 2 კვირის განმავლობაში მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა არის ნორმალური“, - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკა ყიფშიძეს, დღეს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა მიეცემა.

ამასთან, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალს ადევნებს და დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დროულად შევიდეს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს მისი მდგომარეობა.

„ცოტა ხნის წინ მქონდა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე საუბარი. მათ განაცხადეს, რომ განცხადება არასწორად იყო დაწერილი პირადი ექიმის მხრიდან, ამიტომ მე მათ ვთხოვე დაუკავშირდნენ და აუხსნან, რა პროცედურებია დასაცავი. ვიცი, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე“, - აცხადებს ლომჯარია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა