საქართველოში თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. „დიაგონალური კუმულაცია", რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 2021 წლის 15 ოქტომბერს, ევროკავშირმა ოფიციალურ ჟურნალში გამოაქვეყნა შესაბამისი დოკუმენტი. მასში მითითებულია, რომ საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია მოქმედია 2021 წლის 29 აპრილიდან (https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:52021XC1015(01)&from=FR).

უწყების ცნობით, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის „დიაგონალური კუმულაციის" ამოქმედება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი ინდუსტრიების განვითარებისთვის, როგორიცაა ტექსტილის, ავეჯის, საშენი მასალების, პლასტმასის ნაწარმისა და სხვა პროდუქციის წარმოების შემდგომი განვითარებისა და ამ მხრივ ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის.

„დიაგონალური კუმულაციის" ამოქმედება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი, ასევე წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. 2020 წელს საქართველოდან თურქეთში გავიდა დაახლოებით 75 მლნ. აშშ დოლარის ტექსტილის პროდუქცია, რომლის დიდი ნაწილიც სავარაუდოდ შემდგომ გავიდა ევროკავშირში, ხოლო „დიაგონალური კუმულაციის" ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ პროდუქციის პირდაპირ ევროკავშირში ექსპორტირება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისათვის გაცილებით მომგებიანი იქნება.

ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ შეთანხმება არ გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული საბაჟო კავშირი არ ფარავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ატარებს კვლევას, რომლის მიზანიცაა იმ სექტორების იდენტიფიცირება, რომლებიც განსაკუთრებულ სარგებელს მიიღებენ საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებით.

მხარეებს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას წინ უძღვოდა შესაბამისი მოლაპარაკებები და ცვლილებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა და თურქეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებაში.

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენციის (პემ-ის კონვენცია) წევრობა იძლევა წარმოშობის წესების გლობალური გამოყენების საშუალებას. კერძოდ, წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ერთმანეთთან აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, აღნიშნული კონვენციის საფუძველზე მრავალმხრივ ფორმატში შეუძლიათ ისარგებლონ დიაგონალური კუმულაციის მეთოდით (სქემით). საქართველო 2017 წლიდან არის ამ კონვენციის წევრი. აღსანიშნავია, რომ კონვენციაში წევრობის შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით მიეცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო