„ევექსი“ ჰოსპიტლები ქსელის სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ 19-თან ბრძოლაში დაღუპული პერსონალის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალურ დაფებს ხსნის

„ევექსის“ ჰოსპიტალური ქსელის 5 სამედიცინო დაწესებულებაში მემორიალური დაფები განთავსდება იმ პერსონალის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ.

როგორც „ევექსში“ განმარტავენ, ამ პროცესში, გასული წლიდან დღემდე, ქსელის 18 პროფესიონალი თანამშრომელი დაიღუპა.

„კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფასდაუდებელი დანაკარგის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. მემორიალური დაფები 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრსა და ახალციხის ჰოსპიტალში, 17 ოქტომბერს კი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გაიხსნა. კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლის პროცესში გარდაცვლილ პერსონალს კომპანიამ „სიცოცხლის ელჩის“ ორდენი მიანიჭა, რომელიც დაღუპულ თანამშრომელთა ოჯახის წევრებს გადაეცათ. მემორიალური დაფები, ასევე, განთავსდება ყველა იმ სამედიცინო ცენტრში (ფოთის ჰოსპიტალი, ქობულეთის ჰოსპიტალი), სადაც ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლას ქსელის თანამშრომლები შეეწირნენ.

2020 წელს ვირუსთან ბრძოლაში ქსელმა 16 მედპერსონალი დაკარგა. 2021 წლიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დაწყებამ უზრუნველყო ვაქცინირებული მედპერსონალისა და სრულიად მოსახლეობის დაცვა კოვიდ-ინფექციის მძიმე გართულებებისგან, რამაც ლეტალური მაჩვენებელი თითქმის მინიმუმამდე შეამცირა. კომპანია მოხარულია განაცხადოს, რომ დღეს ევექსი ჰოსპიტლების ქსელში სამედიცინო პერსონალის 90%-მდე უკვე აცრილია.

კომპანია მადლობას უხდის მათ, ვინც ფრონტის ხაზზე დაუღალავად იბრძვის და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული პერსონალის ღვაწლს ფასდაუდებლად მიიჩნევს,“- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა