საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯუანშერ ბურჭულაძე მასპინძლობს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ქართველი კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძე მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენტაგონის უმაღლესი პირი საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლოიდ ოსტინს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დახვდა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.

„აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ მოვლენად შეიძლება შეფასდეს, რადგან მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პენტაგონის უმაღლესი პირის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო, რის შემდეგაც კოლეგები ორმხრივ შეხვედრას მართავენ.

„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, შავი ზღვის აუზისა და რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია, რაშიც ქართულ მხარეს უდიდეს მხარდაჭერას უწევს ოფიციალური ვაშინგტონი, აშშ-ის მზარდი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის ოპერაციაში ერთმანეთის მხარდამხარ მსახური - ამ საკითხებს განიხილავენ ჯუანშერ ბურჭულაძე და ლოიდ ოსტინი თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

დღესვე კოლეგები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს ეფუძნება და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებსა და შეთანხმების მნიშვნელობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

თავდაცვის სამინისტროდან აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც ლოიდ ოსტინს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში სპეციალური ოპერაციების ძალებში სტუმრობით დასრულდება, სადაც ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი სწავლება გაიმართება.

ლოიდ ოსტინი საქართველოში ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა, ხოლო ვიზიტის დასასრულს ბრიუსელში, ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა