ჯუანშერ ბურჭულაძე - აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ურთიერთნდობაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორიც არის ახლა

მიმოვიხილეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი, რაც საფუძველია იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში აშშ - საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობის შესახებ.

ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანს და აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და მისი შემდგომი გაძლიერების ნათელი და მტკიცე დასტურია.

„ჩვენ გავმართეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ ქვეყნის შიგნით, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები. აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ურთიერთნდობაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორიც არის ახლა.

მყარი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ისე რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. ასევე განვიხილეთ საერთაშორისო მისიებში თავდაცვის ძალების მრავალწლიანი კონტრიბუციის შედეგად მიღებული გამოცდილება, ურთიერთნდობაზე დაფუძნებული პატივისცემა და მეგობრობა, რაც ჩვენს სამხედროებს შორის წლების მანძილზე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მხარდამხარ ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბდა.

საქართველოს თავდაცვისა და შეკავების განხორციელებაში ჩვენ ვართ აშშ-სთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეკავების და ნატო-სთან თავსებადობის უმაღლეს ხარისხს, ასევე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას. აღნიშნულ კონტექსტში საფუძვლიანად მიმოვიხილეთ შეიარაღების მოდერნიზაციის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ საბრძოლო მზადყოფნისა და მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი საშუალებების თანმიმდევრულად და ეფექტურად განვითარების მიზნით გადავედით თავდაცვის გრძელვადიან დაგეგმვაზე“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ამასთან, მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების 10-წლიან განვითარების გეგმაზეც ისაუბრა.

„აშშ-ის თავდაცვის მდივანს გავაცანი 10-წლიანი განვითარების ციკლი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ტერიტორიული თავდაცვის და მდგრადი საბრძოლო შესაძლებლობების განვითარებაზე არის ორიენტირებული. ეს მიდგომა ხელს შეუწყობს დღეს გაფორმებული მემორანდუმის განხორციელებას, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვას და საშუალებას გვაძლევს რაციონალურად გადავანაწილოთ როგორც ჩვენი სახელმწიფო რესურსი, ისე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მზარდი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

შეხვედრის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ ნატო - საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობას და ხაზი გავუსვით, რომ ამ გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოვებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან, ხოლო თანამშრომლობის გეგმები სრულიად ემსახურება „მეტი ნატო საქართველოში“ და „მეტი საქართველო ნატო-ში“ პრინციპს.

ვისაუბრეთ აშშ-ის და საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული განხორციელების პერსპექტივებზე. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულების პროგრესს ემსახურება ნატო-საქართველოს შეფასებისა და წვრთნის ერთობლივი ცენტრი და მისი ერთ-ერთი წამყვანი საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელიც აშშ-ის არსებითი თანადაფინანსებით ხორციელდება. უახლოეს მომავალში ცენტრი ტრანსფორმირდება მსოფლიო დონის ნატო-ს სტანდარტის საწვრთნელ ცენტრად.

კიდევ ერთხელ მინდა, რომ მადლობა გადავუხადო აშშ-ის თავდაცვის მდივანს, აშშ-ის მთავრობას იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და წარმატებული თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრი ქვეყნის მიმართ ისინი იჩენენ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს ეფუძნება და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო