ლევან დავითაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა მრჩეველმა მთავრობათაშორის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ბერნში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური მრჩეველმა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრმა, სიმონეტა სომარუგამ კლიმატის ცვლილების სფეროში მთავრობათაშორის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხელშეკრულება ითვალისწინებს მთავრობათაშორისი პარტნიორობის გაღრმავებას, რაც ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელოს ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტები კლიმატის ცვლილების გავლენის შესამცირებლად.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც საქართველოში კლიმატის შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსების საშუალებას მოგვცემს. ეს იქნება კონკრეტული მექანიზმები იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შევუწყოთ ხელი, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვიზრუნოთ კლიმატის ცვლილების შერბილებაში არამხოლოდ საქართველოს წვლილის გაზრდაზე, არამედ ვიმოქმედოთ გლობალურად სათბური აირების შემცირებისთვის”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე, შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური მრჩეველმა სიმონეტა სომარუგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.

„ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პარიზის შეთანხმების ფარგლებში ყველასთვის სასიკეთო იქნება და რომ ჩვენ დავნერგავთ მაღალ სტანდარტებს”, - განაცხადა სიმონეტა სომარუგამ.

ქალაქ ბერნში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში რევაზ ლომინაძე ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო