„ჯეოქეისის"ორგანიზებით ონლაინ განხილვა „საქართველო და თანამედროვე გლობალური ეკონომიკა“ გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" ორგანიზებით ონლაინ განხილვა: „საქართველო და თანამედროვე გლობალური ეკონომიკა“ გაიმართა. ღონისძიების მიზანს გლობალური ეკონომიკის ტრენდების განვითარების მიმოხილვა და თანამედროვე გლობალური ეკონომიკის სისტემაში საქართველოს როლის განსაზღვრა წარმოადგენდა, - ამის შესახებ ინფორმაციას “ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა, რომელმაც დისკუსიის დასაწყისში თანამედროვე ეკონომიკური დიზაინის ორ ძირითად ფაქტორზე, მზარდ რეგიონალიზაციასა და ინდუსტრიული, სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკის ერთგვარ კონვერგენციაზე გაამახვილა ყურადღება.

„გლობალური მიწოდება-მომარაგების ჯაჭვი თანაბარწილად მიბმულია, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ პროცესებზე. დღეს ჩვენ გლობალიზაციასა და „ეკონომიკურ ნაციონალიზმს“ შორის ახალი ბალანსის ძიებაში ვართ. ვფიქრობ, როგორც გლობალური, ასევე ქართული ეკონომიკის გადმოსახედიდან სამი ამოცანა იკვეთება: პირველი, იმ შესაძლებლობების გამოყენებაა, რასაც გლობალიზაცია გვთავაზობს, თუმცა ამავე დროს, ლეგიტიმური ეროვნული ეკონომიკის თავდაცვისათვის შესაძლებლობებისა და საშუალებების გამომუშავება, ისე რომ არცერთი ეროვნული სისტემა არ უნდა გადაიზარდოს, „გადაცურდეს“ პროტექციონიზმში“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

„ჯეოქეისის“ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, დავით აფციაურმა, საქართველოში განვითარებული ეკონომიკური პროცესები, წარმატებული საერთაშორისო პროექტები და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე დეტალურად მიმოიხილა.

„თანამედროვე სამყაროში პრიორიტეტულ ამოცანად ცხადია რჩება საერთაშორისო კონსოლიდირება გლობალური პრობლემების მოგვარებისათვის, რაც ბევრ ფაქტორზე, პირველ რიგში კი, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნებაზე და რესურსებზეა დამოკიდებული. დღეს, არა მხოლოდ პანდემიის კრიზისის გამოწვევებიდან გამომდინარე, გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც თანამშრომლობის მულტილატერალური მიდგომები თავის მნიშვნელობას არ კარგავს, თუმცა შესუსტდა და მეტად იკვეთება ბილატერალური რეგიონული თანამშრომლობის ფორმები“, - განაცხადა დავით აფციაურმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ დისკუსიაში მონაწილეობისას მიმოიხილა პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებზე და აუდიტორიას ტერმინის „ფსევდოგლობალიზაციის“ განმარტება შესთავაზა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს, რადგან ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ერთდროულად აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან.

„პანდემიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, ფუნდამენტურად შეუძლებელია მისი გადალახვა იზოლირების პირობებში. მსოფლიოს მარტივი ლოგიკა კარნახობს, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია გლობალურად კოორდინირებული ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აქტიური მონაწილეობა. თუ ცალკეული სახელმწიფოების ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიის დასრულებისას, მაშინ ფუნდამენტურად შეუძლებელია პანდემიის დაძლევა ამ სახელმწიფოების კოორდინირებული მოქმედების გარეშე. COVID-19-ის პანდემიის ფონზე კი, ეჭვგარეშეა, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ხელს უშლის თავისუფალ ვაჭრობას, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურად იტანჯება. ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „დე-გლობალიზაციის“ პროცესი დროებითი ხასიათისაა; ე.ი. არსებობს „ფსევდო დე-გლობალიზაცია“. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ ყველა ქვეყანამ არსებული ვითარება გამოიყენოს გლობალიზაციის ახალი რაუნდისთვის უკეთ მოსამზადებლად; ე.ი. რაც უფრო მალე მოემზადება საქართველო, რომ განახლებულ გლობალიზაციაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს, მით უფრო მოკლე დროში იქნება ის წარმატებული“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა გლობალიზაციის შესახებ ევროპული ხედვები და ევროკავშირის ეკონომიკური მოდელები მიმოიხილა. მან ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება საქართველო გახდეს ხიდი თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებს შორის, როგორ შექმნას საქართველომ საწარმოო ჯაჭვი, დააინტერესოს მეზობელი ქვეყნები, რომ ითანამშრომლონ ქართულ საწარმოებთან და საქართველოში წარმოებული პროდუქციით შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე.

„სანამ მსოფლიო არ არის სრულად უსაფრთხო, სანამ ჩინეთი, რუსეთი და სხვა არალიბერალური ქვეყნები ცდილობენ, საკუთარი წესრიგის წინწამოწევასა და ამით საფრთხეს უქმნიან მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის განვითარებას, ევროკავშირი ცდილობს ყველა წამყვან სფეროში ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადოებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რადგან ჯერჯერობით შეუძლებელია იმ რეგიონებში წარმოების გადატანა, სადაც ავტორიტარული მმართველობაა. ვფიქრობ, გლობალიზაციის ჩვეული მიდგომა პანდემიის შემდგომ დროებით შეიზღუდება. ევროკავშირის მიერ შემუშავებული 2019-2024 წწ. დღისწესრიგი ერგება პოსტპანდემიურ სამყაროს და პრიორიტეტულია ეკონომიკის მდგრადი განვითარების პოლიტიკა, მათ შორის, ხდება „კლიმატნეიტრალური“, ციფრული ეკონომიკის განვითარება“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ჯეოქეისის ინფორმაციით, დისკუსიისას მონაწილეებმა, საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით გლობალური ეკონომიკის მთავარი გამოწვევებისა და ამ თვალსაზრისით საქართველოში შექმნილი ვითარება მრავალმხრივ გაანალიზეს.

იხილეთ ონლაინ დისკუსიის ჩანაწერი https://cutt.ly/7RhvA2E

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო