მამუკა ხაზარაძე უმრავლესობას - დაფიქრდით გთხოვთ,  დავასრულოთ ეს ყველაფერი, ერთმანეთს ნუ შევაზიზღებთ თავს იმიტომ, რომ ვიღაც ხელისუფლებაში დარჩეს

უსმენენ ყველას, გისმენენ თქვენ ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გიღებენ და ამას ინახავენ იმ დროისთვის, როცა მათ დასჭირდებათ. ამას აკეთებს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი თავისი საცეცებით - მოდით, დავასრულოთ ეს ყველაფერი, ერთმანეთს ნუ შევაზიზღებთ თავს, იმიტომ რომ ვიღაც ხელისუფლებაში დარჩეს, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და უმრავლესობის წევრებს მიმართა.

მისივე განცხადებით, ეს არ არის სახელმწიფო, ეს არის დამორჩილებული ადამიანების რაღაც გუნდი, რომელსაც ეშინია ხმის ამოღების, ხოლო პარლამენტი არის ფიქცია.

„მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ტოტალიტარულ რეჟიმზე, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა. კერძოდ, საკითხი ეხება იმ ტოტალიტარულ მოსმენებს, რომელსაც თურმე არ აქვს არანაირი მასშტაბი. უსმენენ ყველას, გისმენენ თქვენ ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გიღებენ და ამას ინახავენ იმ დროისთვის, როცა მათ დასჭირდებათ. ამას აკეთებს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი თავისი საცეცებით.

მე ვარ გაოცებული, როცა ამაზე თქვენ არ გაქვთ პროტესტი. არ გაქვთ პროტესტი კანონმდებლებს, სადაც თქვენი ყველაზე მთავარი ღირებულება, თქვენი ღირსება, თავისუფლება, მანდატი არის ხელყოფილი.

მე მინდა მივმართო ბატონ კახა კუჭავას, მე ვარ თქვენი კოლეგა ბატონო კახა, ვინც ხმამაღლა დააფიქსირა 19 შემთხვევა ჩემი ჩანაწერების, მივიდა პროკურატურაში და იქ 40 ჩანაწერი დავადასტურე და მე მქონდა ორმოცივე საუბარზე შემთხვევა. ახლა არ მითხრათ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მე გეკითხებით თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ რა მოიმოქმედეთ, როცა თქვენს კოლეგას უსმენენ უკანონოდ, ამ შემთხვევაში ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, რატომ არ გამოიძახეთ პასუხისმგებელი პირები, რომ გაგერკვიათ, კითხვები დაგვესვა, რომ ესენი გვისმენენ თუ უკანონოდ გვისმენს რომელიმე სხვა სახელმწიფო სამსახური.

ეს არ არის სახელმწიფო, რაშიც ჩვენ დღეს ვართ, ეს არის დამორჩილებული ადამიანების რაღაც გუნდი, რომელსაც ეშინია ხმის ამოღების და ეს პარლამენტი არის ფიქცია, იმიტომ, რომ არანაირი აზრი არ აქვს აქ რაიმეს გამოთქმას, რადგან ოპოზიციაში ხარ და აქეთა მხარეს არის უმრავლესობა. არანაირი აზრი არ აქვს, არც კომიტეტებზე. ერთი მხარე მეორე მხარეს უყურებს როგორც მტერს. დაიწყო მეორე ტური, რატომ გაბოროტდით ასე? რა არის ზიზღის ენა, ძალადობა. ვის ასმენინებთ ამას? ოჯახის წევრებს, საქართველოს თუ ნახევარ ამომრჩეველს, რომელსაც არ მოსწონს ოპოზიცია? რას ემსახურება ეს? ეს ხომ არ არის სახელმწიფოებრივი? ეს ხომ არ არის ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული? როდემდე უნდა ვიძახოთ 9 წლიანი ამბავი, როცა დაჭერილია ეს პრეზიდენტი და ერთადერთი, რაც არის გასაკეთებელი, სამართლიანი სასამართლოა არამარტო ამ კაცისთვის, არამედ თითოეული თქვენთაგანისთვის, ყველასთვის, ვისაც უსამართლოდ ასამართლებთ. რუსთაველს მოვიშველიებ „კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წამოდინდების". დაუფიქრდით, რამხელა სიბრძნეა ამაში. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა სიბრძნეა, ნამდვილად არ მჯერა, რომ ეს სიბოროტე თქვენს გულებში არის. არ მწამს, რომ თქვენ ბოროტი ადამიანები ხართ.

მოდით, დავასრულოთ ეს ყველაფერი, ერთმანეთს ნუ შევაზიზღებთ თავს იმიტომ, რომ ვიღაც ხელისუფლებაში დარჩეს. ნუ ვაიძულებთ სისტემას თქვენი ოჯახის საძინებლებში შემოვიდეს და თქვენ ჩუმად იმის მაგივრად, რომ თქვათ, მოდი, ლილუაშვილო გვიპასუხე, რატომ აკეთებ ამას, იმიტომ რომ ბიძინამ ეს ყველაფერი წაიკითხოს და გადაიხარხაროს? დაფიქრდით გთხოვთ. სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ თუ რას ვაშენებთ აქ? რად გინდათ ან ასეთი ხელისუფლება, ან ასეთი ძალაუფლება?!

მე ასეთ მდგომარეობაში ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, როცა აქეთა მხარე უბრალოდ არ გელაპარაკება, იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი გაქვს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო