„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - ეკონომიკის მინისტრი შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს, როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერებაში ადანაშაულებს კონსორციუმს და 2020 წლის ივლისში საარბიტრაჟო განაცხადის შეტანას უკავშირებს

ეკონომიკის მინისტრი შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს, როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერებაში ადანაშაულებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და 2020 წლის ივლისში საარბიტრაჟო განაცხადის შეტანას უკავშირებს,- ამის შესახებ აღნიშნულია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში, რითაც კონსორციუმი ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას პასუხობს.

როგორც კონსორციუმის განცხადებაში წერია, მიმდინარე საარბიტრაჟო სარჩელი ინვესტორების ინტერესების დასაცავად, „მთავრობის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეჩერების შემდგომ“ შეიტანეს.

„პროექტთან დაკავშირებული საჯარო მოვლენები ნათელი და ყველასათვის ცნობილია: მიმდინარე არბიტრაჟამდე გაცილებით ადრე ამ ხელისუფლებამ და მისმა ლიდერებმა მკაფიო გზავნილით მიმართეს საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას: „ჩვენ არ გვსურს თქვენი ჩართულობა და ამ პროექტის წარმატება“.

მიმდინარე საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილ იქნა ინვესტორების ინტერესების დასაცავად, მთავრობის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეჩერების შემდგომ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობის აგრესიული და პროექტისა და მისი მთავარი ინვესტორების განადგურებაზე გათვლილი კამპანია დაიწყო.“

მთავრობამ ფაქტობრივად ყველა ღონეს მიმართა, რომ პროექტი შეეჩერებინა, ხოლო მთავრობის მიერ პროექტის რიტორიკული მხარდაჭერის შემოთავაზება შედეგია იმ წნეხისა, რომელიც მომდინარეობს აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, რომლებიც აცნობიერებენ ანაკლიიის ღრმა-წყლოვანი პორტის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მართლაც, როგორც პანდორას მასალებიდან ირკვევა, მმართველ პარტიაში არიან პირები, რომლებიც ფინანსურად პირადად დაზარალდებიან, ფოთის პორტთან და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებული დანაკარგების ფონზე, თუ კი ანაკლიის პროექტი გაგრძელდება.

მთავრობა ახლა სერიოზული პრობლემის წინაშეა: ქართული ეკონომიკა ამ პროექტს საჭიროებს; მთავრობა აღიარებს, რომ პროექტის მომავალი საფრთხის ქვეშაა; ამ მოსაზრებას ასევე ადასტურებენ მთავრობის მიერ დაქირავებული ექსპერტებიც; მთავრობას არ გააჩნია კაპიტალი რომ თავად დააფინანსოს ეს პროექტი და მთავრობა ახლა დაპირდა აშშ-სა და ევროკავშირს იმას, რისი შესრულებაც მას არ შეუძლია.

ვიდრე არბიტრაჟი არ დასრულდება, რასაც შეიძლება კიდევ ორი წელი დასჭირდეს, ვერცერთი ტენდერი ვერ იქნება წარმატებული. მთავრობას კი ამ საკითხის მარტივად გადაწყვეტა შეუძლია: თავად არ შეუშალოს ხელი, გვერდით გადადოს პოლიტიკური ინტერესები, გამოიჩინოს ნება - განავითაროს პროექტი და გადადგას სათანადო ნაბიჯები, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს რწმენას დაუბრუნებს. ან შეუძლია განაგრძოს დაწყებული გზა, იხილოს ტენდერების ჩავარდა, რისკის ქვეშ დააყენოს არბიტრაჟის მოგება და შესაბამისად მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგი და შეაჩეროს პროექტი განუსაზღვრელი ვადით, რუსების საკეთილდღეოდ“,- ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა