„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიასთან დებატები აზრს მოკლებულია, რადგან არჩევნების პირველ ტურამდე დებატებს ის „სამარცხვინოდ გაექცა“.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მიერ ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატ, ნიკა მელიასთან დებატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„დებატები უკვე გაიმართა პირველი ტურის ფარგლებში და ნიკანორ მელია მაშინ დებატებს გაექცა. მეორედ მასთან დებატებში დაჯდომა აზრს მოკლებულია იმ პირობებში, როდესაც პირველი ტურის წინ ის დებატებს სამარცხვინოდ გაექცა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ღია დებატებში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც კალაძემ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.