კარლ ჰარცელი - ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს სააკაშვილთან დაკავშირებით წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიდგომაა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ განიხილებოდეს.

როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, უნდა იყოს დაცული პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები, რომელიც საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველო „ვერც ფოტიგას ჭკუით ივლის და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, ჰარცელმა განაცხადა, რომ შეფასებას ვერ გააკეთებს.

„როგორც ყოველთვის ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ ინდივიდუალურ წერილებთან დაკავშირებით ისევე, როგორც კომენტარებს კომენტარების შესახებ. ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისევე, როგორც საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ევროკავშირის მიდგომაა, რომ ეს უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ. ასევე მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიცაა სახალხო დამცველი, ვინც არის ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ძირითადი ინსტიტუცია. მთავარია ის, რომ ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული, სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, კანონის უზენაესობის შესაბამისად.

ის კომენტარები, რასაც ინდივიდუალური ევროპარლამენტარები აკეთებენ, ეს არის მათი გადაწყვეტილება და მათზეა დამოკიდებული, მე არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირება. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, ეს არის ის უმაღლესი სტანდარტები, რაც უნდა იყოს დაცული, ეს არის პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს“, - განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარების განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს: „ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის - ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას“. ღარიბაშვილის თქმით, კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება.

იხილეთ ვიდეო:ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტარები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერილს ხელს აწერენ, ევროპარლამენტის მუშაობაში ნიშვნელოვან როლს თამაშობენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა