ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების შემოწმების საჭიროებას ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ სამინისტროსთვის ამ უფლების მისანიჭებლად, პარლამენტისგან ცვლილებებს ელოდება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების საქმიანობის შემოწმების საჭიროებას ხედავს და აცხადებს, რომ სამინისტროსთვის ამ უფლების მისანიჭებლად, შესაბამის ცვლილებებს პარლამენტისგან ელოდება.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს გოგელიას კლინიკაში მომხდარი შემთხვევის შეფასებისას განუცხადა, კლინიკის საქმე ერთი წლის წინ პროკურატურაშიც გაიგზავნა, თუმცა მან არ იცის, რა ეტაპზეა გამოძიება.

„რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის იქ არსებულ პროცესს. თქვენ იცით, რომ მათ გუშინვე მოახდინეს რეაგირება. დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება, გადაიგზავნება დოკუმენტები იმ შესაბამის უწყებებში, რომლებშიც შემდგომში რეაგირება უნდა მოხდეს. ამ კლინიკის საქმე ერთი წლის წინ გადაგზავნილი იყო პროკურატურაში, ჩვენ მათ კვლავ დავუკავშირდებით და გავეცნობით, თუ რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება. რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ჩვენ გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ, ვინაიდან რეგულირების სააგენტოს არ გააჩნია მანდატი გეგმურად შეამოწმოს კლინიკები, ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ველოდებით პარლამენტს რომ მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს შესაბამისი მანდატი, შეამოწმოს არა მხოლოდ ამბულატორიები, კლინიკებიც, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. მნიშვნელოვანია, შეიცვალოს წესები საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს კლინიკების დარეგისტრირება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, არამედ მოხდეს მათი საჭიროების, ასევე მათი სამუშაოს დეტალური აღწერა და მხოლოდ რეგულირების სააგენტოს და სამინისტროს თანხმობით მოხდეს კლინიკების გახსნა, ასევე ოპერირების დაწყება.

მოკვლევა დაიწყო გუშინ. ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, ჩვენ ყველა დეტალში გვინდა ჩავიდეთ. ის გაყალბებული სერტიფიკატები, რომლებიც ამოღებულ იქნა, გადაგზავნილია პროკურატურაში და უკვე რეაგირება პროკურატურის მხრიდან უნდა მოხდეს. ყალბ სერტიფიკატზე რეაგირება სამინისტროს ვერ ექნება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნამდვილი სერტიფიკატების შეჩერება, ისიც გარკვეული წესებით, რომელიც სამინისტროს აქვს დადგენილი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც გოგელიას კლინიკაში გუშინ აცრა ჩაუტარეს, დააკვირდებიან.

მინისტრის ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვისაც გუშინ კლინიკაში აცრა ჩაუტარდა, მოვიკითხავთ. C ვიტამინის გაკეთების შემთხვევაში მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მოხდება მათი გამოკითხვა და შესაბამისი მონიტორინგი. ამ ეტაპისთვის დადასტურებულია, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევებში C ვიტამინი გაკეთდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს. როგორც მათ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნეს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში თანხა გადახდილი ჰქონდათ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის პროცესის განხორციელების უფლება არ ჰქონდა, ექიმი კი, რომელიც აცრებს ატარებდა, უკანონო საქმიანობას ეწეოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა