დავით ნარმანია - „თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ ივნის-ივლისში მომხმარებლებზე ელექტროერგიის საფასურის არასწორად დარიცხვის დაკორექტირების შედეგად ზედმეტად დარიცხული თანხა 1 321  551  ლარს შეადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის დავალებით, „თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ ივნისსა და ივლისში მომხმარებლებზე ელექტროერგიის საფასურის არასწორად დარიცხვის დაკორექტირების შედეგად ზედმეტად დარიცხული თანხა 1 321 551 ლარს შეადგენს.

ამის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ მომხარებელბისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის არასწორად დარიცხვის გამო, ორივე კომპანიას დარიცხული თანხების კორექტირება დაევალა. კომპანია „თელასი“ ამ ფაქტის გამო დაჯარიმდა 50 ათასი ლარით ხოლო „თელმიკო“ 75 ათასი ლარით. მათ მიეცათ ერთთვიანი ვადა ამის მოსაწესრიგებლად. შედეგად, გადამოწმდა 649 731 ათასი აბონენტი, საიდანაც 189 844 აბონენტს შეეხო ტარიფის საფეხურის კორექტირება. მათ შორის, 135 470 აბონენტზე მეორე საფეხურის ტარიფით განხორციელებული დარიცხვა დაკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფის დარიცხვით, 43 760 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა მეორე საფეხურის ტარიფით, ხოლო 10 614 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით.

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ დაკორექტირებულმა თანხამ 801 807 ლარი შეადგინა. სს „თელასის“ მიერ ტარიფის საფეხურისა და შესაბამისად, დარიცხვის კორექტირება შეეხო 184 673 აბონენტს, ხოლო დაკორექტირებული თანხის ჯამმა 519 744 ლარი შეადგინა. 165 169 აბონენტს მეორე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით, 12 876 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა მეორე საფეხურის ტარიფით, ხოლო 6628 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით. კომპანიებმა შეასრულეს სემეკის დავალება. გარდა თანხების დაკორექტირებისა, „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ განახლებული ქოლ ცენტრი გახსნა, რომელიც დღეისათვის გამართულად მუშაობს. სემეკის მიზანია, რომ კომპანიების მომსახურების ხარისხი შეესაბამებოდეს ჩვენს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

აქედან გამომდინარე, კომპანიის ნებისმიერ გადაცდომას კომისიის მხრიდან ყოველთვის მოჰყვება კანონშესაბამისი რეაგირება. დაკორექტირებული თანხები მომხმარებლებს თავიანთ ბაზაში აესახათ და გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები კორექტირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნარმანიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა